ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუთაისს გაძლიერება სჭირდება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, მაგრამ მას, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი.

ქართულ საზოგადოებაში დისკუსიები გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2 მაისს ქუთაისში გაკეთებულმა განცხადებამ: "დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი":

” წყალტუბო მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე მაგარი კურორტი. მე გაძლევთ გარანტიას. მომეცით, დამაცადეთ კიდევ ორი, სამი, ოთხი წელი და ნახეთ თუ არ გავხდი მთელს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად.”

მმართველი პარტიის წევრთა შეფასებით, პრეზიდენტი ამ სიტყვებში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მიმართული კურსის გაგრძელებას გულისხმობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს:

” საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან ბევრჯერ თქვა და ძალიან ბევრჯერ ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი ამ პოლიტიკური გუნდისათვის არის ის, რომ იგი განვითარების და წარმატებების გზა გაიაროს, რომელიც საქართველოს გააჩნია.”

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება. მაგრამ მას, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი. პრემიერის ძალაუფლება ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების წუთიდან ახალი კონსტიტუციური ნორმების ძალაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება . ექსპერტი გია ვოლსკი ამბობს:

” როგორც ცნობილია, გეგმა არის შემდეგი: არჩეული იქნეს უმრავლესობით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში და მას შემდეგ , რაც პრეზიდენტ სააკაშვილს 2013 წელს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია. სააკაშვილს გეგმა აქვს, გახდეს პრემიერ-მინისტრი და ზუსტად გაიმეოროს პუტინის გზა. საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით თუ მოვა ნაციონალური მოძრაობა, თავის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ სააკაშვილს აირჩევს და იგი კიდევ დარჩება ხელისუფლებში. როდესაც სააკაშვილი ამბობს ორი-სამი-ოთხი წელი კიდევ მაცალეთო, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სთხოვს მხარი დაუჭირონ მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება 2013 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

თუ ნაციონალური მოძრაობის კონკურენტმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა არჩევნებში, ამ შემთხვევაში პარლამენტი გადავა ქუთაისში?

"ვფიქრობ, ეს არ არის პრინციპული შეკითხვა, რეალურად ასეთი კითხვა შეიძლება არსებობს, აქტუალურიც იყოს, მაგრამ სხვა თემებია აქტუალური. ხელისუფლებაში თუ მოვა ახალი ძალა და აქ ვიცით ვისაც გულიხმობთ ”ქართულ ოცნებას” ყოველგვარი დაძაბულობის და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ქვეყანა ასეთ ვითარებაშია როგორც დღეს არის, აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა. აუცილებელია იმისთვის , რათა სახელმწიფო გამოვიდეს კრიზისული პოლიტიკური ვითარებიდან, არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები დაძლიოს და რაც მთავარია, საერთაშორისო თუ შიდა დაძაბულობის კერები და საფრთხეები მოხსნას. ანუ, ჩვენ მომავალ თაობას შეუქმნას უსაფრთხო განვითერების პერსპექტივა.

საერთოდ , ყველაფერი ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსეთის ფაქტორი, სიღარიბის ფაქტორი ან მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფაქტორი. სააკაშვილმა თავისი რესურსი ამოწურა, აქედან გამომდინარე წესიერი მოქალაქე , პატრიოტი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ გზა დაუთმოს ან ახალი სისხლით გაამდიდროს სახელმწიფოს ყოველდღიურობა. ელემენტია მხოლოდ პარლამენტის გადასვლა ქუთაისში. შეიძლება დარჩეს კიდევაც პარლამენტი ქუთაისში, რატომაც არა.. შეიძლება სხვა ფუნქცია შეიძინოს ამ შენობამ, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისს, საერთოდ დასავლეთ საქართველოს, სჭირდება მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვნად წამოწევა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის შენობის აშენება ქუთაისში მხოლოდ მცირედი ნაწილია ამ აუცილებლობის. დასავლეთ საქართველოს დედაქალაქს - ქუთაისს რომ სჭირდება გაძლიერება და ძლიერ სტრუქტურად ჩამოყალიბება ფაქტია! ”

XS
SM
MD
LG