ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკას ხელახალი რეცესია ემუქრება


მსოფლიო ეკონომიკას ხელახალი რეცესია ემუქრება
მსოფლიო ეკონომიკას ხელახალი რეცესია ემუქრება

ევროპელების უკმაყოფილება ეროვნული დეფიციტის გამო გამოწვეული პრობლემებით თანდათან იზრდება. მსოფლიო ბაზრებზე უწესრიგობა გრძელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური ქრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ მსოფლიო ახალ საშიშ ფაზაში შევიდა. ეკონომიკის შენელებული განვითარება და მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევა სახელმწიფოთა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ამბობს ის.

არსებობს საშიშროება, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების განვითარება წინსვლის მაგიერ კიდევ უფრო უკან წავა. სისტემაში ბიუჯეტის უზარმაზრი გარღვევაა. გაურკვეველ მდგომარეობაში არიან მთელი რიგი განვითარებული ქვეყნები, წამყვანი ბანკები და ოჯახები“ - ამბობს ქალბატონი ლაგარდი.

პოლიტიკური დაპირისპირებები და კანონმდებელთა უმოქმედობა საქმეს კიდევ უფრო მეტად აფერხებს, აცხადებს ის. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაიწყოს ეკონომიკური ზრდა. თუკი წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები რეცესიას წინ ვერ აღუდგებიან, მას ვერც ის მზარდი ქვეყნები გადაურჩება, სადაც ეკონომიკა ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. ეს ჯაჭვური რეაქციაა და ამის გაგება საკმაოდ ადვილია, ამბობს ქალბატონი ლაგარდი: „როდესაც ერთი ქვეყანა რომელიმე პროდუქტის მთავარი მომწოდებელია, მას პარტნიორები ყველა დანარჩენ ქვეყანაში ესაჭიროება, რათა პროდუქტი ელემენტარულად გაიყიდოს“.

ჩინეთის პრემიერ მინისტრმა უენ ჟიბაომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა:

ყველა ქვეყნის მთავრობამ პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს და საკუთარ პრობლემებს მიხედოს. წამყვანმა ქვეყნებმა ეფექტური კანონმდებლობა უნდა შეიმუშაონ და ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტი მოაგვარონ“.

როგორც ყოველთვის მსოფლიოს 180 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი შემდეგ კვირაში ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივ სხდომაზე შეიკრიბებიან. ევროპელი ფინანსისტები და ბანკირები ვაშინგტონში პირდაპირ პოლონეთის ქალაქ ვრაცლავში გამართული შეხვედრიდან ჩამოვლენ, სადაც ისინი საბერძნეთისთვის სესხის გამოყოფის თაობაზე მსჯელობდნენ.

საფრანგეთის და გერმანიის ღია მხარდაჭერის მიუხედავად, ევროზონის ფინანსურმა ლიდერებმა შეაჩერეს გადაწყვეტილება საბერძნეთისთვის მასტიმულირებელი ფინანსური დახმარების შემდეგი პაკეტის გამოყოფის შესახებ.

11-მილიარდიანი დახმარება საბერძნეთს სექტემბრის ბოლოს მხოლოდ იმის შემდეგ გამოეყოფა, რაც ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ განიხილავენ.

შეხვედრას ამერიკის ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ქვეყნების შიგნით არსებული პოლიტიკური დაპირისპირებები სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. მისი ჩასვლა პოლონეთში ევროკავშირის ფინანსისტთა მოლაპარაკებაზე ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მზარდ შეშფოთებას ევროზონაში მიმდინარე კრიზისის გლობალურ გავლენაზე.

XS
SM
MD
LG