ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკეინი ლიბიელ ამბოხებულთა მეტ მხარდაჭერას მოითხოვს


მაკეინი ლიბიელ ამბოხებულთა მეტ მხარდაჭერას მოითხოვს

ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე სენატორი მაკეინი პარასკევს ბენღაზიში ჩავიდა.

ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, სენატორი მაკეინი პარასკევს ბენღაზიში ჩავიდა. ეს ამერიკის უმაღლესი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში. მაკეინის სტუმრობა დაემთხვა რევოლუციური ძალების მცირეოდენ სამხედრო წარმატებას ქვეყნის დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქ მისრატაში.

მოგვიანებით ამერიკის სენატის სამხედრო და საგარეო ურთიერთობათა გამოცდილი სპეციალისტი ჟურნალისტებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ ბენღაზიში ვიზიტის მიზანი ამბოხებულთა რეალური სიტუაციის გაცნობა და მათი ვაჟკაცური ნაბიჯით აღფრთოვანების გამოხატვაა:

„მე აქ სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ჩამოვედი. ჩვენ მეამბოხეთა საბჭოსთან გვაქვს შეხვედრები. ვესაუბრებით სამხედროებს და უამრავ სხვა ხალხს. ისინი გმირები არიან“- განაცხადა მაკეინმა.

ვეტერანი რესპუბლიკელი სენატორის ვიზიტს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის გამოსვლა უსწრებდა წინ. გეითსმა ამერიკის სენატს პრეზიდენტი ობამას გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, რომლის მიხედვითაც ნატოს სამხედრო ოპერაციებში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის - დრონების გამოყენება იქნა ნებადართული.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების განცხადებით, დრონები უფრო მეტი სიზუსტით მოახერხებენ იერიშის მიტანას იმ სამიზნეებზე, რომლებიც ისეთ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში მდებარეობენ, როგორიც ქალაქი მისრატაა. დრონების გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს მაქსიმალურად შეამცირებს. შეგახსენებთ, სარაკეტო შეტევების შედეგად, ლიბიაში უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. მეამბოხეები დაბეჯითებით ითხოვდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მეტი სიზუსტით ემოქმედა.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მთავრობის სპიკერმა, მუსა იბრაჰიმმა, ნატო უზუსტობისთვის მკაცრად გააკრიტიკა და დაიმუქრა, რომ თუკი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ლიბიურ ქალაქებში გამოჩნდება, ისინი მათ სრულ ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

“თუკი ნატო მისრატაში ან ლიბიის ნებისმიერ ქალაქში გამოჩნდება, ჩვენ მათ ჯოჯოხეთს დავანახებთ დედამიწაზე. ქალი და კაცი, ყველა ერთად შევიკვრებით, ცეცხლის ბურთად გადავიქცევით და ერაყზე ათჯერ უარესს მოვუწყობთ ლიბიაში.“

ლიბიის სამთავრობო ტელევიზია აცხადებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სარაკეტო დარტყმების შედეგად, გუშინ საპორტო ქალაქ სირტეში წყალგაყვანილობაზე მომუშავე პერსონალი დაიღუპა. ბრალდებას დამოუკიდებელი წყაროები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ადმირალი მაიკ მალენი, ამერიკის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, აანალიზებს რა დაპირისპირებულ მხარეთა გამონათქვამებს, აცხადებს, რომ ლიბიის კონფლიქტი თანდათან ჩიხში ექცევა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მუამარ კადაფი უნდა წავიდეს, მაგრამ ვადები ჯერჯერობით არ დაუზუსტებია.

სენატორი მაკეინი სამხედრო ინტერვენციის არგუმენტირებას განაგრძობს და ამბოხებულთა მორალურ მხარდაჭერასთან ერთად დასავლეთს იარაღით და სამხედრო ინსტრუქტორების ადგილზე გაგზავნით კიდევ უფრო მეტი დახმარებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG