ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნანო-კოლიბრი" - ახალი ამერიკული პროექტი


"ნანო-კოლიბრი" - ახალი ამერიკული პროექტი
"ნანო-კოლიბრი" - ახალი ამერიკული პროექტი

მოწყობილობას არა მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია გამოიყენებს, არამედ იგი ფართოდ დაინერგება მშვიდობიან სამოქალაქო სექტორშიც.

მრავალწლიანი ამერიკული პროექტი, რომელიც „ნანო-კოლიბრზე“ ანუ მინიატურულ უპილოტო თვითმფრინავზე მუშაობდა - წარმატებით დასრულდა. „დრონის“ ახალი პროტოტიპი თავის წინაბორდზე ბევრად პატარაა და მანევრირების კიდევ უფრო მეტი საშუალება გააჩნია. გარეგნულად ის თითქმის არაფრით განსხვავდება კოლიბრისგან, ჩრდილო, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ჩიტისგან, რომლის უნიკალური თავისებურება უკან ფრენის უნარია.

კომპანია „აერო-ვაირონმენთში“ მომუშავე პროექტის ავტორთა განცხადებით, „კოლიბრს“ არა მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია გამოიყენებს, არამედ იგი ფართოდ დაინერგება მშვიდობიან სამოქალაქო სექტორშიც. შეგახსენებთ, ლოს ანჟელესის გარეუბანში წარმოებული „დრონის“ მოზრდილი მოდელები აქტიურად გამოიყენება ამერიკის სამხედრო დაზვერვის მიერ ავღანეთში და ერაყში.

ახალ „კოლიბრს“ საკუთარი კამერა და გადამცემი ტექნოლოგიები აქვს. ის დისტანციურად იმართება და ფრთების მოძრაობით მანევრირებს. „დრონის“ უახლესი მოდელი კამერის საშუალებით საჰაერო სივრცესაც აკონტროლებს და ხმელეთზე ნებისმიერ გადაადგილებასაც.

გვესაუბრება პროექტის მენეჯერი, მათეუ ქინონი:

„მას მანიპულირების არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს. საკონტროლო პუნქტიდან გადაცემული სიგნალის მეშვეობით „კოლიბრი“ დაფრინავს წინ და უკან, ზემოთ და ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ. ამას გარდა, ადგილზე გაჩერება და ტრიალიც შეუძლია. ყველაფერთან ერთად „კოლიბრი“ თავის ნათლიასთან და წინა მოდელებთან შედარებით ძალზე სწრაფიცაა“.

ბატონი ქინონის განცხადებით, პროექტის იდეა, დაკვეთა და სუბსიდირება ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი კვლევითი სააგენტოდან მოდიოდა. „მათ სურდათ ისეთი საჰაერო-სადაზვერვო მოდელის შექმნა, რომელიც ზომით მაქსიმალურად პატარა და ამავე დროს რომელიმე ბუნებრივი არსების იმიტირება იქნებოდა. ეს ჩვენთვის ძალზე საინტერსო და თან მხიარული გამოწვევა იყო“ - აღნიშნა მან.

„დრონის“პაწაწინა მოდელზე ჯერ კიდევ ექსპერიმენტები ტარდება და ის მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და დაიხვეწება. კომპანია „აერო-ვაირონმენთი“ ასეთივე წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე დიდი ზომის სადაზვერვო „დრონების“ წარმოებას. „ჩვენს გიგანტურ საჰაერო აპარატს, რომელსაც „გლობალური მკვლევარი“ ჰქვია, სტრატოსფეროში მანევრირების არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს“ - ამბობს კომპანიის თანამშრომელი, სტივენ გიტლინი. მისი თქმით, „გლობალურ მკვლევარს“ 20 კილომეტრის სიმაღლეზე ზედიზედ შვიდი დღე შეუძლია იფრინოს.

„დრონის“ მოდელების უმეტესი ნაწილი ფართოდ გამოიყენება, როგორც სამოქალაქო მოხმარების საშუალებები. ისინი ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფენ. „დრონები“ ძალზე პოპულარულია ქვეყნის სამაშველო, თუ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებშიც.

XS
SM
MD
LG