ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი ხალხი ომისგან დაიღალა


ავღანელი ხალხი ომისგან დაიღალა
ავღანელი ხალხი ომისგან დაიღალა

ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი აცხადებს, რომ ამერიკული საზოგადოება ომში მეორე დეკადაა ჩართულია და საზოგადოებას დაღლილობა ეტყობა.

ამერიკა ავღანეთში ათ წელზე მეტია იბრძვის. 2001 წელს, შეერთებული შტატები სათავეში ჩაუდგა კოალიციას, რომელმაც თალიბების მმართველობა დაამხო. დღეს, ვაშინგტონს ავღანურ ოპერაციაში 90 000 ჯარისკაცით შეაქვს წვლილი. იქ სულ ნატოს 130, 000 ჯარისკაცი იბრძვის.

ამერიკელი და ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაციის მიზანს 2014 წლისთვის ავღანეთის უშიშროებისა და შეიარაღებული ძალებისთვის ქვეყანაში არსებულ სიტუაციზე კონტროლის გადაბარება წარმოადგენს.

თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში საზოგადოების უკიდურესი უკმაყოფილების ფონზე, უცხო ქვეყნების მთავრობები საომარი ზონიდან ჯარების გაყვანას მანამდეც გეგმავენ.

ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი აცხადებს, რომ ამერიკული საზოგადოება ომში მეორე დეკადაა ჩართულია და საზოგადოებას დაღლილობა ეტყობა. დაღუპულია 1800 სამხედრო და საზღვაო ქვეითი. საბრძოლო ოპერაციებში დაშავდა 15 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

„მართლაც ასეა. ამერიკელი ხალხი უმძიმესი რეცესიის პირობებში იმყოფება. ამ დროს ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომ ავღანეთსა და ერაყში წარმართულ ომებში ამერიკამ ერთ ტრილიონზე მეტი დოლარი დახარჯა. საზოგადოება ამ პროცესის დასასრულს ვერ ხედავს და სამართლიანად არის იმედგაცრუებული.“

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი გენერალი ბრენთ სკოუკროფტი ეთანხმება კოენს:

“ავღანეთის ომი ძალიან გაგრძელდა და ძვირად დაუჯდა ამერიკას, როგორც ადამიანური დანაკარგების ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ დავიღალეთ.“

ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი კი ფიქრობს, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს-დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ჩათვლით, საზოგადოებისთვის ომის გაგრძელებისთვის კარგი არგუმენტი არ შეუთავაზებიათ.

„ამერიკელებს კარგად ესმით ის გარემოება, რომ ავღანეთსა და ერაყში საბრძოლო ოპერაციების შედეგად ამერიკა და მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მანამდე, თუმცა მათ ეს პროცესები უკეთ უნდა აუხსნან და ხალხს, პოლიტიკოსებმა დაანახონ მსხვერპლის მნიშვნელობა და საჭიროება.

უილიამ კოენი კი ამ პასუხისმგებლობას ამერიკის ამჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს:

"ამერიკელმა არჩეულმა ლიდერებმა და ადამინისტრაციამ, კონგრესთან მუშაობით, ამერიკელი საზოგადოება ავღანეთში ჯარების დისლოცირების გრძელვადიან მიზანში უნდა დაარწმუნოს და დაგვიმტკიცოს, რომ ავღანეთის კეთილდღეობა და უსაფრთხოება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია. ხალხს ეს კვლავ უნდა შევახსენოთ.“

თუმცა კოენის მტკიცებით, ავღანეთის სტაბილიზაციაში მარტო ამერიკა ვერ შეიტანს წვლილს, არამედ ეს რეგიონალური პრობლემაცაა და შესაბამისად, გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ეძებოს.

„უახლოეს მომავალში, ამერიკაზე და კოალიციის ქვეყნების ხელისუფლებაზე უდიდესი ზეწოლა დაიწყება და მთავრობებს მოსახლეობა ჯარების გაყვანას მოთხოვს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ავღანური პრობლემა მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაშინ იქ მშვიდობის მიღწევაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. ამერიკას აღარ ექნება იმის რესურსები, რომ შექმნილი პრობლემა მხოლოდ საკუთარი ძალებით დაძლიოს."

მისი ბოლო არგუმენტი კი ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრსის რობერტ გეითსის განცხადებას გვახსენებს. გეითსმა შარშან ამერიკელ სამხედრო კადეტებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ იმ თავდაცვის მდივანმა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ჯარების გაგზავნას მოთხოვს, ჯერ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

XS
SM
MD
LG