ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის კონსერვატიული მთავრობა ნიმუშად გერმანიის მაგალითს იყენებს, რათა უმუშევრობა დაამარცხოს და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გააუმჯობესოს.

მსოფლიო ბანკი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ევროპა რეცესიის ფაზაში სავარაუდოდ უკვე შევიდა.

ხუთი დღის შემდეგ, რაც საკრედიტო რეიტინგის შემფასებელმა კომპანიამ „სტანდარტ ენდ ფუარზ“ (Standard & Poor’s) ევროზონის 9 ქვეყანას კრედიტ-რეიტინგი ჩამოუწია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ახალი ღონისძიებების შესახებ გააკეთა განცხადება.

პროფკავშირების უმაღლეს წარმომადგენლებთან და რიგით მუშა-მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი სტრატეგია წარმოადგინა. პროექტში მთავარი პრიორიტეტებია: უმუშევართა პროფესიული გადამზადება, ხელობის შემსწავლელი ახალი პროგრამები, ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების რაოდენობის გაზრდა და ახალგაზრდების მეტად დასაქმება.

საფრანგეთის კონსერვატიული მთავრობა ნიმუშად გერმანიის მაგალითს იყენებს, რათა უმუშევრობა დაამარცხოს და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გააუმჯობესოს. გერმანიის ეკონომიკას, რომელიც უდიდესია ევროპაში, ჯერჯერობით უფრო მყარი პოზიციები აქვს და ის „სტანდარტ ენდ ფუარზის“ მხრიდან კრედიტ-სანდოობის კოეფიციენტის ჩამოწევას გადაურჩა.

პრეზიდენტი სარკოზი იმედოვნებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებები მომავალი არჩევნებისთვის ლიდერის რეიტინგის აწევასაც შეუწყობს ხელს. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2012 წლის მაისში გაიმართება. მასზე სარკოზის მთავარ კონკურენტად სოციალისტი ფანკოს ჰოლანდი მოიაზრება.

რეფორმების გატარება არც ისე იოლი იქნება. რიგითი ფრანგები პრივილეგიებს ადვილად არ დათმობენ და 35-საათიანი სამუშაო კვირის შემცირებას მხარს არ დაუჭერენ. პრეზიდენტი სარკოზი ამომრჩევლებს ეკონომიკური რეფორმების გატარებას ადრეც დაპირდა, მაგრამ პროფკავშირებისგან და მემარცხენე პოლიტიკოსებისგან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა. რის გამოც საბოლოო ჯამში ამ მხრივ საკმაოდ მცირე პროგრესს მიაღწია.

საფრანგეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პროფკავშირების ერთ-ერთმა გავლენიანმა პრეზიდენტმა ფრანკოს ჩერკიუმ სარკოზის რეფორმებს „წინასაარჩევნო ხრიკი“ უწოდა და განაცხადა, რომ რეალური რეფორმების გატარებას უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდება.

საფრანგეთს და ევროპის დანარჩენ ქვეყნებს მოვლენებზე სწრაფი რეაგირება მოეთხოვებათ. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი ანგარიში გლობალური ეკონომიკის პროგნოზის საკმაოდ პირქუშ სურათს ხატავს და აღნიშნავს, რომ ევროპა საბიუჯეტო კრიზისის მოუგვარებლობის შემთხვევაში რეცესიის პროცესში მთელ მსოფლიოს ჩაითრევს.

XS
SM
MD
LG