ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფასო ჯანდაცვა, რომელშიც ხშირად ფულს ითხოვენ


უფასო ჯანდაცვა, რომელშიც ხშირად ფულს ითხოვენ

რამდენიმე საათის წინ დასრულდა შეხვედრა გორში, რომელიც საქველმოქმედო–ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ იყო ორგანიზებული.

დიდი ფორმატის შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხად რეკომენდაციების პაკეტის პროექტი იყო გამოტანილი, რომლითაც „აფხაზეთი“ აპირებს ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროებს, საქართველოს პარლამენტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მედიაციის ცენტრსა და სადაზღვევო კომპანიებს მიმართოს. რეკომენდაციების პაკეტი ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო შეხვედრებზე, რაც გულისხმობდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში არსებული პრობლემების შესწავლასა და ანალიზს.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროდან მთელი რიგი პრობლემატური თემების ირგვლივ მიმდინარეობდა მსჯელობა, რაც პირველი რიგის აქტუალურ საკითხად რჩება საქართველოში მცხოვრები სოცილაურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობისთვის. ხშირ შემთხვევაში მათ წინაშე გადაულახავ ბარიერადაა ქცეული უფასო სამედიცინო დახმარების მიღება, რაც კანონის თანახმად მათი უფლებაა.

ამჟამად დევნილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი ლევან მაისურაძე ამბობს, რომ მათი სამსახურის ორგანიზებით დევნილთა ჩასახლებებიდან ჩამოყვენილ წვევამდელებს, სამედიცინო შემოწმებისთვის ეგრეთ წოდებული „ფორმა 100“ –ის ასაღებად პოლიკლინიკაში 25 ლარის გადახდა მოსთხოვეს, რაც წესით, უფასოდ ეკუთვნოდათ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი აცხადებს, რომ უმეტესწილად, სამედიცინო დაწესებულებები და პოლიკლინიკები სადაზღვევო პოლისით დაფინანსებული ფორმა 100–ის ასაღებად თანხას პაციენტებს სთხოვენ იმ მოტივით, რომ სადაზღვევო კომპანიები მათ ფულის გადარიცხვას უგვიანებენ.

შეხვედრაზე მოწვეული სადაზღვევო კომანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, მართალია დავალიანება აქვთ, მაგრამ ამან ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს უფასო მომსახურების გაწევას პოლიკლინიკების მხირდან. პრესისთვის კომპანიების წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ამ საკითხების გარდა, განსხვავებული პრობლემებიც გამოიკვეთა. მაგალითად ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს სადაზღვევო კომპანიები დაზღვევაზე უარს ეუბნებიან მათი სტატუსიდან გამომდინარე. თინა ბრეგვაძე, ინვალიდთა კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეურაცხყოფილია ამგვარი დისკრიმინაციული დამოკიდებულებით. „მართალია ეტლით გადავადგილდები, მაგრამ მე სამსახური მაქვს, სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ, რატომ მეუბნებიან უარს დაზღვევაზე? გონიათ, რომ უფრო მეტი მომსახურება შეიძლება დამჭირდეს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, არადა ასე სრულებითაც არ გახლავთ,“– ამბობს თინა ბრეგვაძე.

ნუკრი მილორავა, „აფხაზეთის“ ჯანმრთელობის დაცვის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაუგებრობას სადაზღვევო კომპანიებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს შორის ხელს ინფორმაციის ნაკლებობაც უწყობს. ხშირად, სოციალურად დაუცველ ადამიანს უჭირს გაერკვეს რა ეკუთვნის უფასოდ და რა არა. „ეს ხელს აძლევს დასაზღვევო კომპანიებსაც და სამედიცინო დაწესებულებებსაც,“– ამბობს ნუკრი მილორავა.

XS
SM
MD
LG