ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ლიბიაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს


ნატო ლიბიაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს
ნატო ლიბიაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს

სიტუაცია ლიბიასა და მის საზღვრებზე განსაკუთრებულად დაიძაბა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, თუ ლიბიაში ჰუმანიტარული კრიზისი უფრო მეტად გამძაფრდა - ალიანსი სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს. ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეკრებაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს კონკრეტული გადაწყვეტილებით არ მიმართა, თუმცა სამომავლო გეგმების შესახებ მათ წინაშე ღიად ისაუბრა.

გენერალური მდივნის განცხადებით, ლიბიასა და მის საზღვრებზე სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია. ნატოს სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული 24 საათიანი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა,რომ ლიბიის რეჟიმი საკუთარ მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა. ბატონმა რასმუსენმა მოუწოდა კადაფის საკუთარი ხალხის დევნა შეწყვიტოს:

„ჯერჯერობით ალიანსის ხელმძღვანელობა ლიბიაში ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო საშუალებებს იყენებს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ნატოს შეუძლია სხვა სტრატეგიული არჩევანიც გააკეთოს“

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რადიკალურ ნაბიჯებს ალიანსი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადადგამს. სამხედრო ჩარევის აუცილებელ პირობად ნატოს იურიდიული საფუძველი და რეგიონის მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა,რომ ალიანსის ჯარები ლიბიაში ჯერ არ შესულან, სავარაუდო გეგმაზე ხელმძღვანელობა მაინც მუშაობს:

„ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენ ლიბიაში სპეციალურ ოპერაციებს ჩავატარებთ. თუმცა არც გულხელდაკრეფილი ვუყურებთ,როგორ ტანჯავს კადაფის რეჟიმი საკუთარ მოსახლეობას."

ნატოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ლიბიის მთავრობა კურსს შეიცვლის და საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობას შეწყვეტს. ალიანსი ვერ მოახდენს ამ პროცესების იგნორირებას, რადგან ეგვიპტეში, ტუნისსა და მთლიანად რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესს მხარდაჭერა სჭირდება. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, მსოფლიოში თავისუფლების ახალი ერა იწყება. მსგავსი პროცესები 20 წლის წინ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც დაიწყო.

XS
SM
MD
LG