ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი წელი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან


პოლიტკოვსკაიას მკვლელები ჯერ კიდევ არ არიან დაპატიმრებული.

ოთხი წლის წინ ოქტომბერში რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის კიბეებზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

პოლიტკოვსკაიამ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მიუძღვნა. ის ძირითადად ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობდა, რომლებიც ხშირ შემთხვევებში საიდუმლოებით მოცულ მკვლელობებსა და ადამიანების უცნაურ გაუჩინარებებს მოიცავდა.

პოლიტკოვსკაიას მკვლელები ჯერ კიდევ არ არიან დაპატიმრებული.

ოქტომბრის დასაწყისში რუსი ოფიციალური პირები ნიუ იორკში დაფუძნებული ჟურნალისტების უფლებების დამცველი კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პირობა დადეს, რომ აქტიურად გააგრძელებდნენ გასული 10 წლის მანძილზე 19 ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას. ამ საქმეებიდან ნაწილი გაუხსნელია. ხუთი მათგანი კი უკვე დაიხურა ან გამოძიება გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყდა.

შეერთებული შტატები მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქალბატონი პოლიტკოვსკაიას და სხვა ჟურნალისტების მკვლელობის საქმეებს გამოძიება განახლებული ენერგიით შეუდგება. მნიშვნელოვანია, რომ მკვლელები და ისინი, ვინც მკვლელობა შეუკვეთა კანონის ფარგლებში დაისაჯონ. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ისიც განაცხადეს, რომ პოლ ხლებნიკოვის საქმეს ახალ გამომძიებელს გადასცემდნენ. ბატონი ხლებნიკოვი ცნობილი ბიზნეს ჟურნალი "ფორბზის" რუსული გამოცემის რედაქტორი იყო. ის მოსკოვში 2004 წელს მოკლეს.

ახალი საგამომძიებლო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდერ ბასტრიკინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი ნატალია ესტემიროვას მკვლელობის გამოძიება თითქმის დასრულებულია.ესტემიროვას გვამი 2009 წელს ინგუშეთში ერთ-ერთი გზის პირას აღმოაჩინეს. ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების მცირე ჯგუფიდან ის ერთ-ერთი იყო, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობდა.

რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია ჟურნალისტებისთვის. 1992 წლიდან 50-ზე მეტი ჟურნალისტია მოკლული. აქედან 8 მხოლოდ 2009 წელს. ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ რუსეთში ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვითარება საგრძნობლად გაუარესდა.

თუ რუსეთის ხელისუფლება უფრო აქტიურად იმოქმედებს ჟურნალისტების მკვლელობის საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად, იმის ნიშანი იქნება, რომ მთავრობა სერიოზულად უდგება ქვეყანაში პრესის თავისუფლების საკითხს.

პრესის თავისუფლება ადამიანის უფლებების ერთერთი ფუნდამენტური ელემენტია, რომელის დაცვაზეც რუსეთის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა იკისრა. შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს ყველა ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ყურადღების გამახვილებას და განსაკუთრებით კი ანა პოლიტკოვსკაიას, პოლ ხლებნიკოვისა და ნატალია ესტემიროვას საქმეებზე.

XS
SM
MD
LG