ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ სუდანში რეფერენდუმი იწყება


სამხრეთ სუდანში რეფერენდუმი იწყება
სამხრეთ სუდანში რეფერენდუმი იწყება

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კირმა რეფერენდუმს მისი ხალხისთვის „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

სამხრეთ სუდანში ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი დაიწყო, რომელშიც ქვეყნის ამ რეგიონის მოსახლეობამ სუდანიდან გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობამ სამხრეთ სუდანის გამოყოფას დაუჭირა მხარი, მაშინ სამხრეთ სუდანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდება.

როგორც მოსალოდნელია, სამხრეთ სუდანის მოსახლეობა დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კირმა რეფერენდუმს მისი ხალხისთვის „ისტორიული მომენტი“ უწოდა. სამხრეთ სუდანის რეფერენდუმი ერთ კვირას გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ სუდანის არჩევნებში დარეგიგსტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი დაახლოებით ოთხ მილიონს აღწევს. რეფერენდუმის ჩატარება 2005 წელს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულებით არის ნაკარნახევი, რომელმაც ქვეყანაში ორი ათწლეულის მანძილზე მძვინვარე სამოქალაქო ომს ბოლო მოუღო. სამოქალაქო ომის დროს ქვეყნის მუსულმანებით დასახლებული ჩრდილოეთი და ქრისტიანებით დასახლებული სამხრეთი ერთმანეთს ებრძოდნენ.

რეფერენდუმზე დასასწრებად სამხრეთ სუდანში ასობით საერთაშორისო დამკვირებელი ჩავიდა. რეფერენდუმს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ტაბო მბეკი ესწრებიან.

სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა განაცხადა, რომ იგი რეფერენდუმის შედეგებს დაეთანხმება და სამხრეთ სუდანის რეგიონს დახმარებას გაუწევს.

XS
SM
MD
LG