ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონის ლიდერებმა გადამწყვეტ ზომებს უნდა მიმართონ


ევროზონის ლიდერებმა გადამწყვეტ ზომებს უნდა მიმართონ

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა გლობალური ფინანსური გაჯანსაღებისთვის შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს, საფონდო ბირჟებზე მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამერიკის ცენტრალური ბანკი, ევროპის, ინგლისის, იაპონიის, კანადის და შვეიცარიის ბანკები შეთანხმდნენ, რომ 5 დეკემბრიდან ისინი დოლარის ინტერესს ნახევარი პროცენტით შეამცირებენ და მომხმარებლისთვის ნებისმიერი ვალუტით კრედიტის გაცემას გააადვილებენ.

მომავალი რეცესიის თავიდან აცილების ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი რიგითი ოჯახების და ბიზნესებისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობას გაზრდის და შესაბამისად გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზეც დადებითად იმოქმედებს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ბანკების ერთობლივი აქცია მსოფლიოს ბირჟებზე მკვეთრ ცვლილებებსაც შედარებით მოაწესრიგებს.

ევროზონის ლიდერებზე ბოლო დროს გაძლიერებული წნეხი პიკს აღწევს. შემდეგ კვირაში მათ კრიზისის დასარეგულირებელი გეგმა უნდა წარმოადგინონ. როგორც იცით, ევროპის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შემდგარ წინა შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ. ევროპის ეკონომიკის კომისარმა ოლი რეჰნმა ჟურნალისტებთან საუბარში ოპერატიული გადაწყვეტილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ათდღიან კრიტიკულ ფაზაში შევდივართ, რათა ევროკავშირში კრიზისის საპასუხო გეგმა შევიმუშავოთ. ბრძოლა ორივე ფრონტზე უნდა გავაგრძელოთ, იმისათვის რომ არასტაბილურ ბაზარს ფინანსურად მყარი გალავანი შემოვავლოთ და მეორე: გავაძლიეროთ ეკონომიკური მართვის ბერკეტები“ - აცხადებს ევროკომისარი.

ათდღიანი ფაზა 8 დეკემბრის სამიტისთვისაა გათვლილი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან. ის გაერთიანებისთვის ერთერთ ურთულეს წელიწადს დაასრულებს. 2011 წელი ევროკავშირისთვის სერიოზული გამოცდა იყო, რომელმაც ფინანსურ კრიზისთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაც კი გამოიწვია.

ექსპერტები კრიზისის მიზეზად სხვადასხვა პრობლემას ასახელებენ. ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი ჟან კიის დე-ჟაგერი თვლის, რომ ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში ფისკალური რეგულაციების ნაკლებობა სისტემის უმნიშვნელოვანესი ხარვეზი იყო.

„ეკონომიკური რეფორმების და ფისკალური რეგულირების სიმცირემ კრიზისამდე მიგვიყვანა. ამ ფუნდამენტურ საკითხებს თუ არ მივხედეთ - არაფერი გამოვა“ - აღნიშნავს მინისტრი.

ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთს ფინანსური სტიმულირების პაკეტის მეორე ტრანში, ოთხშაბათს დასრულებული შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ გადაურიცხეს. თუმცა მათ მეორე დაპირება ვერ შეასრულეს: ევროპის გადარჩენის ფონდის გაორმაგება თითქმის ტრილიონ დოლარამდე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ასე რომ, საფონდო ბირჟებზე მიღწეული წარმატება, რომელიც ცენტრალური ბანკების შეთანხმებამ გამოიწვია, შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს. ევროზონის ლიდერებმა ფინანსური კრიზისის დასაძლევად გადამწყვეტი ნაბიჯები უახლოეს დღეებში უნდა გადადგან.

XS
SM
MD
LG