ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა


სტამბოლში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

გაურკვეველი რჩება ის დაიცავს თუ არა ახლადდაარსებული ბანკი ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს.

23 დეკემბერს სტამბოლში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთერთმეტე უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის დაპირება დადეს. მაგრამ, "როგორც ამერიკის" ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, ამგვარი დაპირებები ევროპასა და შეერთებულ შტატებში გარკვეულ კითხვებს ბადებს რადგან დასავლეთს სურს, რომ ანკარამ ირანის ბირთვული პროგრამის გამო თეირანის ეკონომიკურ იზოლაციას ხელი შეუწყოს.

გასულ ხუთშაბათს სტამბოლში გამართულ პრეს კონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების თაოსნობით, თეირანის ბირთვული პროგრამის შეკავებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა სრული მარცხით დასრულდა. აჰმადინეჟადმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს წარმატება არ უწერია. მან შეაქო ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების ახალ პერსპექტივებს სთავაზობს:

„თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის თაოსნობით, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას,რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს “ -აღნიშნა აჰმადინეჟადმა.

„სტამბოლის უმაღლესი დონის შეხვედრის შედეგად რეგიონის ქვეყნები ეკონომიკური განვითარების ახალ დონეს მიაღწევენ “ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

რეგიონალური სავაჭრო ბლოკის უმაღლესი დონის შეხვედრას ავღანეთის, პაკისტანისა და შუა აზიური სახელმწიფოების ლიდერები და სამთავრობო დელეგაციები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ავღანეთს, აზერბაიჯანს, ირანს, თურქეთს, თურქმენეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, პაკისტანს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს აერთიანებს. ორგანიზაცია რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია პაკისტან-თურქეთ-ირანის ეკონომიკური განვითარების ბანკის გაფართოებას ისახავს მიზნად.

„მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სამმხრივი ვაჭრობის მოცულობა 20 პროცენტით გაიზარდოს. ამ მიზნით დაარსდა ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, რომელიც რეგიონში ეკონონომიკურ საქმიანობას ხელს შეუწყობს. ამ ბანკის საბაზისო კაპიტალი 230 მილიონ დოლარს შეადგენს და ბანკის სათავო ოფისი სტამბოლში იმყოფება. ბანკის პარტნიორი დაამარსებლები თურქეთი, ირანი და პაკისტანი გახლავთ “ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თუმცა გაურკვეველი რჩება ის დაიცავს თუ არა ახლად დაარსებული ბანკი ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს. შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და ისრაელი შიშობენ, რომ ირანს ბირთვული შეიარაღების წარმოება სურს, რასაც თეირანი გამუდმებით უარყოფს. ირანის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ანკარა აცხადებს, რომ თურქეთი მხოლოდ გაეროს მიერ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სანქციებს დაიცავს. თურქეთის ისლამისტური მთავრობა აღნიშნავს, რომ ანკარას თეირანს, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის შუამავლის როლის შესრულება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ იანვარში სტამბოლში აღსდგება მოლაპარაკებები, რომელშიც ირანი, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფო და გერმანია მონაწილეობენ. მაგრამ ანკარას მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა თეირანთან დასავლეთში შეშფოთებას იწვევს, აღნიშნავს თურქი პოლიტიკური მეცნიერი სოლი ოზელიË

„თურქეთი ყველას გულის მოგებას ცდილობს და ვფიქრობ, ეს ძალისხმევა ბუნებრივ ზღვარს უახლოვდება. თურქეთი საკუთარ თავზე ბევრს იღებს და სანქციებს ძირს უთხრის, რაც ბევრ კითხვას ბადებს. ამდენად ადრე თუ გვიან მას გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუხდება “ - აღნიშნავს ოზელი.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ანკარას საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი პრიორიტეტი - სახელდობრ ახლო აღმოსავლეთის მეზობელ სახელმწიფოებთან თავისუფალი სავაჭრო და უვიზო ზონის განვითარება - სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

ირანისა და სირიის მოქალაქეები თურქეთში უკვე ისედაც უვიზოდ მოგზაურობენ. ანკარა უვიზო რეჟიმის შემოღებას ერაყთანაც აპირებს. ნიშანდობლივია, რომ თურქულ მედიაში, მეზობელ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, ევროკავშირში შენგენის შეთანხმების ზონას ადარებენ.

XS
SM
MD
LG