ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გაიხსნება


ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გაიხსნება
ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალი გაიხსნება

კინგი ოცნებობდა ამერიკის სამხრეთ შტატებში სეგრეგაცია გაუქმებულიყო და შავკანიან ამერიკელებს რიგითი ამერიკელების უფლებები მოეპოვებინათ.

16 ოქტომბერს , ვაშინგტონში ქარიშხლის გამო გადადებული, მარტინ ლუთერ კინგის მემორიალის გახსნა იგეგმება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცერემონიას საზეიმოდ გახსნის და ამით ვაშინგტონის ისტორიული ქანდაკებების რიცხვს ამერიკელი სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის მემორიალიც შეემატება.

მარტინ ლუთერ კინგი 1950-60 წლების ანტირასისტულ მშვიდობიან საპროტესტო მოძრაობაში გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერი იყო.

„ამერიკის დიდებულება იმაშია, რომ აქ ყველას შეუძლია საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტი გამოხატოს“

კინგი წარმოშობით ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტიდან იყო. იგი ოცნებობდა ამერიკის სამხრეთ შტატებში სეგრეგაცია გაუქმებულიყო და შავკანიან ამერიკელებს რიგითი ამერიკელების უფლებები მოეპოვებინათ.

აღსანიშნავია, რომ სეგრეგაციას ამერიკაში საკმაოდ ბევრი მოქალაქე ემხრობოდა. მათ არ სურდათ სასტუმროებში, რესტორნებში, კინოთეატრებსა და ტრანსპორტში შავკანიანებთან გვერდით ყოფილიყვნენ.

ყველაფერი კი ალაბამას შტატის ქალაქ მონტგომერიდან დაიწყო. მარტინ ლუთერ კინგმა და მისმა მეგობრებმა პირველი პროტესტი შავკანიანების ავტობუსით სარგებლობაზე უარით გამოხატეს.

„იმ დღის შემდეგ ჩვენ სპეციალური ავტობუსებით აღარ დავდიოდით“-იხსენებდა კინგი.

ერთ წელიწადში ალაბამას შტატის სასამართლომ სეგრეგაციის ავტობუსების კანონი გააუქმა.ეს იყო კინგის სამოქალაქო მოძრაობის პირველი გამარჯვება და მის მიერ განვლილი რთული გზის დასაწყისი.

კელვინ ვუდსი კინგთან ერთად ბირმინგემში აქტივისტურ საქმიანობას ეწეოდა.

„ის ძალზე თავმდაბალი ადამიანი იყო. ნებისმიერ ადამიანთან შეეძლო საერთო ენა გამოენახა. ყველას მიმართ გულითადი იყო და ყველას სატკივარს ითავისებდა.“

„ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მონაწილეობას ვიღებ დემონტრაციაში, რომელიც ქვეყნის ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლად ჩაიწერება“ - ასე მიმართავდა კინგი ხალხს.

1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონის ცენტრში 250 მილონამდე ადამიანი შეიკრიბა. სამოქალაქო აქციას სახელად „ვიაროთ ვაშინგტონამდე“ ერქვა. სწორედ ამ დღეს, კინგის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ დაიმკვიდრა სამუდამო ადგილი ქვეყნის ისტორიაში:

„ვოცნებობ დღეზე, როცა ჩემი შვილები იცხოვრებენ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არა კანის ფერით, არამედ ხასიათით განასხვავებენ.“

როგორც სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი ბარბარა არნვაინი ამბობს, მარტინ ლუთერ კინგის ამ გამოსვლამ უამრავ შავკანიან ამერიკელს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა:

„იგი თანამემამულეებს მომავლის რწმენით აღაფრთოვანებდა. ვუსმენდი და ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთიანობა იყო ქვეყანის სიძლიერისა და სიმტკიცის საწინდარი“

მარტინ ლუთერ კინგის სამოქალაქო მოძრაობამ შეერთებული შტატების ცხოვრებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა 1964-65 წლებში მოახდინა.სწორედ მაშინ იქნა მიღებული სამოქალაქო უფლებების კანონი და შავკანიან ამერიკელებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

XS
SM
MD
LG