ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას დაელოდება


თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას დაელოდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს რუსეთმა, ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ , ამ რიცხვს ტუვალუ დაემატა .

ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 18 სექტემბერს კიდევ ერთმა, გაეროს წევრმა სახელნწიფომ წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანმა სახემწიფომ ტუვალუმ აღიარა, რომლის ტერიტორია 26 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 12 ათასამდე ადამიანს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია აღნიშნავს, რომ ”საერთაშორისო სამართალის" თვალსაზრისით და საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე ეს არის არალეგიტიმური და უკანონო ქმედება. ამდენად ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იგი რეალობას ვერანაირად ვერ შეცვლის, სამწუხარო ფაქტია, რომ ტუვალუსთან ცოტა ხნის წინ საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქვეყანამ მხარი დაუჭირა საქართველოს რეზოლუციას ლტოლვილების დაბრუნების და მათი უფლებების თაობაზე, ამდენად საკმაოდ გასაკვირი და სამწუხარო ფაქტია” - აცხადებს დავით ჯალაღანია.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ”ნაურუს მსგავსი სახელმწიფოების მხრიდან აღიარებათა დაგროვება იმის მიუხედავად, რომ საქმე გაეროს წევრ ქვეყანას ეხება, არაფერს ნიშნავს და არაფერს ცვლის” . თუმცა ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. აღიარებათა დაგროვება საქართველოსთის სახიფათოა :

”რუსეთი მიდის ასეთი გზით, ის ცდილობს ხარისხს ჩაანაცვლოს რაოდენობა. ანუ, გაეროს წევრი ქვეყნებიდან, სადაც ყველას თანაბარი უფლება აქვს, შეარჩიეს პატარა ქვეყნები. ეს თავის თავად, რაოდენობის თავლსაზრისით არის სახიფათო. მართალია, გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს გაეროზე, მაგრამ გარკვეული ბაზა შეიქმნება, ლობისტური ჯგუფი შეიქმნება.”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ტუვალუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესახებ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლას უპასუხა :

”ყველა შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია. მაგრამ აქ მთავარი რა არის? მთავარი გახლავთ ის, რომ აფხაზეთს მას შემდეგ, რაც იგი ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს, არცერთი სერიოზული სახელმწიფო არ აღიარებს. პირადად მე ეს უფრო მეტ იმედს მაძლევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთი არ იქნება აღიარებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. ტუვალუ არის ქვეყანა, სადაც 10 ათასამდე მაცხოვრებელია, არავითარი საელჩოები იქ არ არის და არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები მას სხვადასხვა ქვეყნებთან არ აქვს. ეს სუფთა ფორმალობაა, სუფთა შანტაჟი. უფრო მეტიც.. აფხაზეთის აღიარების არაღიარების საკითხმა უკვე კომიკური სახე მიიღო. ჩემი თანამემამულეები აფხაზები ძალიან მეცოდება, რომ ასეთ დღეში არიან.”

1978 წლამდე ტუვალუ დიდი ბრიტანეთის კოლონიად ითვლებოდა, მან დამოუკიდებლობა 33 წლის წინ მოიპოვა :

”ინგლისის კოლონია კი იყო, მაგრამ ჩაგრულ, გაუბედურებულ მდგომარეობაში არ ყოფილა. პირიქით. დღესაც ინგლისის დედოფალი ითვლება იქ სახელმწიფოს მეთაურად, ტუვალუ ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის, ინგლისის დედოფალი არის ტუვალუს დედოფალიც. ასე რომ იქ მჭიდრო კავშირებია და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ მოახერხა რუსეთმა ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის ტუვალუ, სადაც ინგლისელების გავლენაა ძალიან დიდი, ასევე ამერიკელების, როგორ მოახერხა ეს?! მაგრამ ჯერჯერობით მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, ჯერჯერობით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ..”.

აფხაზეთის უმაღლსი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას აზრით , აღნიშნულ ფაქტს შეფასება უნდა მისცენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა..

შეგახსენებთ, სულ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს რუსეთმა, ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ , ამ რიცხვს ტუვალუ დაემატა .

XS
SM
MD
LG