ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი რუსეთის სავაჭრო პარტნიორი გახდა


ჩინეთი რუსეთის სავაჭრო პარტნიორი გახდა

წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 45%-ით გაიზარდა და ამ ათწლეულის ბოლოს შესაძლოა 200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ჩინეთი რუსეთის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რომელმაც ამ ადგილზე მყოფი გერმანია შეავიწროვა.

წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 45%-ით გაიზარდა და ამ ათწლეულის ბოლოს შესაძლოა 200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

რუსეთის პრემიერის ვიზიტი პეკინში ამ ქვეყნებს შორის არსებული კავშირების განმტკიცებას ისახავს მიზნად. ვლადიმირ პუტინის განცხადებით:

“კომპრომისების მიღწევა ყველა საკითხშია შესაძლებელი მითუმეტეს, რომ ჩვენს შორის ძალზე ფართო საკითხებში მიმდინარეობს თანამშრომლობა. პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენ არანაირი პრობლემები არა გვაქვს.“

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ბიოტექნოლოგიების, კოსმოსის ათვისების და სამედიცინო სფეროში. რუსეთის პრემიერის ორდღიანი ვიზიტის დროს ციმბირის ალუმინის ქარხნებში ჩინეთმა 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორის ანატოლ ლივენის განცხადებით:

“რუსეთში შიშობენ, რომ ეს ქვეყანა იმად არ გადაიქცეს, რასაც კანადა წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის ანუ ბუნებრივი წიაღისეულის უბრალო მიმწოდებლად. ეს აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთის ელიტისთვის.“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ჩინეთში თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების და სარაკეტო სისტემების ექსპორტს აწარმოებდა, თუმცა შემდეგ რუსები ამტკიცებდნენ, რომ ჩინეთმა მათი „სუხოის“ ტიპის ავიაგამანადგურებლების კოპირება დაიწყო. გასულ კვირას რუსეთის უშიშროებამ ჩინელი მზვერავი დაიჭირა, რომელიც S-300 ტიპის ჰაერსაწინაღო რაკეტების ტექნოლოგიების ხელში ჩასაგდებად მუშაობდა.

როგორც სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის თანამშრომელი ლინდა ჯაკობსონი აცხადებს:

“იარაღით ვაჭრობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე შემცირდა, რადგან ჩინელები ყველგან ყიდულობენ იმას, რისი შეთავაზებაც მათთვის რუსებს შეუძლიათ.“

პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის კიდევ ერთი სფერო ენერგომატარებლებით ვაჭრობა იყო, მაგრამ აქაც რუსეთმა დაკარგა წამყვანი პოზიცია. უკანსკნელი 16 წლის განმავლობაში მიდიოდა საუბრები ციმბირიდან ჩინეთში ორი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, მაგრამ როდესაც რუსები გაუთავებლად ვაჭრობდნენ ფასზე, ჩინეთმა მოასწრო და თურქმენეთიდან გაიყვანა გაზსადენი.

სამშაბათს ბრიტანულმა აუდიტ კომპანიამ თურქმენთის ბუნებრივი აირის საბადოს მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილი მიანიჭა. რუსეთის ყოფილი კოლონია თურქმენეთი ამჟამად ჩინეთს 60 მილიარდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, რაზეც რუსეთი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საუბრობდა. ლინდა ჯაკობსონის განცხადებით:

“ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივა რუსეთსა და ჩინეთს შორის 16 წლის წინათ არსებობდა, როდესაც ორი გაზსადენის მშენებლობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ახლ როგორც ბუნებრივი აირის ისე ნავთობის მიწოდების საკითხში ჩინეთმა სხვა პარტნიორები მონახა.“

რუსეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომპოვებელია, მაგრამ როგორც ანატოლ ლივენი ამბობს:

“რუსეთი ვერ გახდა ჩინეთისთვის ენერგომატარებლების მთავარი მიმწოდებელი. ის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, მაგრამ ირანი და ანგოლაც იმდენ ენერგიას აწვდიან ჩინეთს რამდენსაც რუსეთი.“

ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების სფეროში რუსეთი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. ბატონი ლივენის თქმით, ჩინეთი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ რუსეთი ვერც კი გაბედავს რაიმე ალიანსის დამყარებას ნატოსთან ან შეეერთებულ შტატებთან, ამის გამო მომავალში რუსეთი შეეცდება ჩინეთისგან თავდაცვის მიზნით, უარი თქვას ვაშინგტონთან ყოველგვარ დაპირისპირებაზე.

როგორც ქალბატონ ჯაკობსონთან საუბარში ჩინელმა პოლიტიკურმა ექსპერტმაც აღნიშნა, პეკინს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამერიკისგან და იაპონიისგან, მაგრამ რუსეთისგან რა უნდა ისწავლოს. რუსეთში ჩინელებს არაფერი აქვთ სასწავლი. როდესაც პუტინი ახალი საპრეზიდენტო ვადისთვის ემზადება, ჩინეთი სულ უფრო ძლიერდება, ეს კი რუსეთისთვის უპირველესი გამოწვევა იქნება მომავალში.

XS
SM
MD
LG