ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წლის არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატები


2012 წლის არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატები
2012 წლის არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატები

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადებას, რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო ნომინაციისთვის პაექრობა უკვე დაწყებულია

ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებული დებატებით გამოწვეული შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის შესაძლო დახურვის საშიშროება ვაშინგტონში მთავარი თემებია. რაც შეეხება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადებას, რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო ნომინაციისთვის პაექრობა უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით ყურადღება გამახვილებულია პატრიოტულ თემებზე, სამშობლოსადმი სიყვარულისა და რელიგიურობის ჩათვლით.

თითქმის წელიწადი დარჩა ვიდრე რესპუბლიკელები სხვადასხვა შტატებში ორგანიზებული პარტიული ყრილობებისა და პირველადი არჩევნების საშუალებით საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ. მაგრამ რესპუბლიკური პარტიის პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მარათონი უკვე დაწყებულია.

რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურად კონსერვატიული ამერიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით აიოვას შტატში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის პროცესი სწორედ ამ შტატში დაიწყება მომავალი წლის თებერვალში.

აიოვაში ჩასულთა შორის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუთ გინგრიჩიც გახლდათ. გინგრიჩი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. მან აიოვას შტატის რესპუბლიკელებს მიმართა სიტყვით რელიგიის მნიშვნელობაზე.

„რას არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება გახლავთ ის, რომ შემოქმედმა ყველა ჩვენთაგანი განუყოფელი უფლებებით დააჯილდოვა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანია რადგან ძალაუფლება ღმერთისგან თვითოეულ ჩვენთაგანს პირადად წვდება “ - განაცხადა გინგრიჩმა.

რელიგიის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა აგრეთვე მინესოტას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ტიმ პოულენთიმ, რომლის გამოსვლაშიც ბიბლიის ციტირება ხშირი იყო.

სოციალურად კონსერვატიული ამერიკელი ამომრჩევლები რესპუბლიკური პარტიისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ჯგუფს შეადგენენ. მათ ოჯახური ფასეულობები აერთიანებთ და ისინი აბორტებისა და ცალსქესა ქორწინებების წინააღმდეგ გამოდიან. რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად დიდ ძალისხმევას იჩენენ სოციალურად კონსერვატიული ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით რადგან ეს პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოგების მიზნით პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

რესპუბლიკური პარტია აგრეთვე ტრადიციულად დიდ ყურადღებას აქცევს ეკონომიკურად კონსერვატიულ ჯგუფებს ისევე როგორც ეგრეთწოდებულ „ჩაის სმის“ მოძრაობის აქტივისტებს, რომლებსაც ფედერალური მთავრობის შემცირების მოთხოვნა ამოძრავებთ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთ პოტენციურ რესპუბლიკურ საპრეზიდენტო კანდიდატს 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, ამ მხრივ მდგომარეობა ახლო მომავალში შეიცვლება.

მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატები ამერიკელ ამომრჩევლებს საკუთარ საარჩევნო პროგრამებს წარუდგენენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად წარმატებულები იქნებიან კანდიდატები ფინანსური შემოწირულობების შეგროვების თვალსაზრისით რადგან მომავალ წელს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებას დიდძალი თანხები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG