ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში დემოკრატთა პოზიციები სუსტდება


ამერიკაში დემოკრატთა პოზიციები სუსტდება

სამ თვეში ამერიკელი ამომრჩეველი კონგრესის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რამაც შეიძლება პრეზიდენტ ობამას პოლიტიკურ პროგრამაზე იქონიოს ზემოქმედება. რესპუბლიკელები ოპტიმისტურად უყურებენ ამ არჩევნებს და როგორც ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რესპუბლიკელებმა საკმარისი ადგილები მოიპოვონ, რათა ისევ ხელში აიღონ კოგრესის ერთის ან ორივე პალატის კონტროლი. როგორც სჩანს 2010 წელი საკმაოდ რთული იქნება დემოკრატებისათვის. საზოგადოებრივ გამოკვლევებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეიტინგი სულ უფრო ეცემა. მრავალი ლიბერალ-დემოკრატი გულგაცრუებულია იმით, რომ დემოკრატთა უმრავლესობამ კონგრესის ვერც ერთ პალატაში საკმარის ძალისხმევას ვერ მიმართა, რათა გაეტარებინათ ობამას ინიციატივები. ლიბერალები ჩივიან იმას, რომ ზომიერი და კონსერვატული პოზიციის მქონე დემოკრატებმა კონგრესში ძალზე ბევრ კომპრომისს მიმართეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანდაცვა და კლიმატური ცვლილებები და თავისდაუნებურად მუხრუჭის ფუნქცია შეასრულეს ობამას ამბიციური პროექტების განხორციელებაში. ეს ფაქტი აღიარა მის სიტყვაში დემოკრატმა სენატორმა ელ ფრანკენმა:

-„ვეთანხმები იმ აზრს, რომ საკმარის გამარჯვებებს ვერ მივაღწიეთ და ვიცი რომ ამის გამო ზოგიერთი დემოკრატი გულგაცრუებულია. ეს არა იმიტომ, რომ ვერ მივაღწიეთ იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა, არამედ უბრალოდ იმის გამო, რომ ზოგჯერ ვტოვებთ ისეთ შთაბეჭდილებას თითქოს ჩვენს პარტიაში ყველა ერთნაირი ენერგიულობით არ მოქმედებს მიზნების მისაღწევად.“

პრეზიდენტმა ობამამ ე.წ. ნეტრუთსის ყრილობის მონაწილეთ ვიდეო ჩანაწერით მიმართა. ჩანაწერში იგი შეეხო ლიბერალთა გულგაცრუების საკითხს და იქვე მოუწოდა დემოკრატ აქტივისტებს, მუხლჩაუხრელად იშრომონ, რათა ნოემბერში დემოკრატებმა მიაღწიონ გამარჯვებას.

- „ჩემის აზრით ბევრი ამერიკელისათვის ცვლილებები სასურველი ტემპით ვერ გატარდა და მე ვიცი ეს. უნდა გითხრათ, რომ არც ჩემთვის გატარდა ჩემთვის სასურველი ტემპით ეს ცვლილებები და არც თქვენთვის, ვინც ასე იღვაწეთ არჩევნების პერიოდში .“

ჩვეულებრივ ის პარტია, რომლის ხელშიც თეთრი სახლის მართვის სადავეებია მარცხდება ახალი პრეზიდენტის პირველ შუალედურ არჩევნებში. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, სადაც არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. სენატორებს ექვსი წლით ირჩევენ და სენატის დაახლოებით ერთი მესამედი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თავიდან გადის არჩევნებს. წელს სენატის 36-ი ადგილისათვის იქნება ბრძოლა არჩევნებში.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკელთა წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წელს იქნება საზოგადოების სულ უფრო მზარდი შეშფოთება მთავრობის ხარჯებსა და მის ჩარევაზე ქვეყნის ეკონომიკაში.

მაიკლ ბარონი პოლიტიკური ექსპერტია, რომელმაც შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

-„ჩემის აზრით ამ კამპანიის მთავარი თემაა ობამას ადმინისტრაციისა და კონგრესის დემოკრატიული ხელმძღვანელობის მხრივ მთავრობის მოქმედების არეალის გაფართოვების შეჩერება.“

რესპუბლიკელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარონ თუ კონგრესის ორივე პალატის კონტროლს იგდებენ ხელთ. წარმომადგენელთა პალატაში მათ ჭირდებათ 39 ადგილის დაკავება, რათა ისევ ხელთ იგდონ ამ პალატის კონტროლი. მათვე სენატში ათი ადგილის მოპოვება სჭირდებათ, რათა ისევ მოიპოვონ უმრავლესობის სტატუსი.

XS
SM
MD
LG