ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის მიწისძვრიდან ერთი წელი გავიდა


ჰაიტის მიწისძვრიდან ერთი წელი გავიდა

აღდგენითი სამუშაოები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

12 იანვარს ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის პირველ წლისთავს აღნიშნავენ. მიწისძვრის შედეგად 250,000 ადამიანი დაიღუპა და კუნძულოვანი სახელმწიფოს დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მთლიანად დაინგრა. ერთი წლის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და მილიონობით ჰაიტელი კვლავინდებურად უსახლკაროდ არის დარჩენილი.

ამას გარდა, ჰაიტიზე ქოლერის ეპიდემია მძვრინვარებს, რომელმაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხოლო ახლახან გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის დროს ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც ამჟამად არჩევნების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეფ სვაიკორდი პორტ-ო-პრენსიდან იუწყება, ჰაიტის დედაქალაქში ნანგრევების მხოლოდ დაახლოებით ხუთი პროცენტი გაიწმინდა. ქუჩების უმრავლესობა გამოუსადეგარია ნანგრევების გამო. პორტ-ო-პრენსსა და მის შემოგარენში განლაგებულ დროებით ბანაკებში ერთ მილიონზე მეტი ჰაიტელი ცხოვრობს.

პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე Champs de Mars-ის ბანაკი ერთი წლის წინ ააგეს. ახლა ბანაკში უფრო უკეთესი კარვები დადგეს, მაგრამ ხალხის სასოწარკვეთა არ შეცვლილა. 33 წლის ჟაკ პიერმა კარავში მთელი გასული წელი გაატარა. უმუშევარად მყოფი ჟაკ პიერი თავს ირჩენს იმით, რომ მას საქველმოქმედო ორგანიზაციები და მეზობლები ეხმარებიან:

„მე იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ დახმარებას არავი გვთავაზობს. საერთოდ მდგომარეობა უიმედოა “ - აღნიშნავს ჟაკ პიერი.

ქალებისთვის დროებით ბანაკებში ბინადრობა სულ უფრო სახიფათო ხდება. ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ იუწყება, რომ ბანაკებში ქალების მიმართ მზარდი სექსუალური ძალადობა შეინიშნება.

მდგომარეობას ქოლერის ეპიდემიაც ართულებს. დაავადებამ უკვე 3,500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამენ, რომ ეპიდემიის გავრცელება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მალე შეწყდება. ექიმი კარინა ნორდსტრანდი პორტ-ო-პრენსში მდებარე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს სამედიცინო პუნქტში ქოლერით დაავადებულ პაციენტებს უვლის:

„გასულ კვირას ყოველ დღეს ჩვენ 40-50 ახალ პაციენტს ვღებულობდით. ამჟამად მთელ ცენტრში ჩვენ დაახლოებით 120 პაციენტი გვყავს. შობის კვირას კი ჩვენ დღეში 110 ახალ პაციენტს ვღებულობდით,“ აღნიშნავს კარინა ნორდსტრანდი.

ქუჩებში თითქმის ყოველდღიური საპროტესტო დემონსტრაციები იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ ჰაიტელები მოთმინებას კარგავენ.

ჰაიტელების ეს ჯგუფი პრეზიდენტ რენე პრევალის გადადგომას ითხოვს. ისინი მას ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

პორტ-ო-პრენსის ყოფილ მერს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ევანს პოლს მიაჩნია, რომ ჰაიტიზე პროგრესის ნაკლებობა, უწინარეს ყოვლისა, რენე პრევალის მთავრობის უუნარობასა და მოშლილ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება:

„არაეფექტური მართვა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ხალხის წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებთ “ - აღნიშნა ევანს პოლმა.

ჰაიტის პოლიტიკური დესტაბილიზაციის ხანგრძლივი პერიოდი ემუქრება. საარჩევნო საბჭომ უკვე განაცხადა, რომ ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი გადაიდება მანამ, ვიდრე ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია პირველი რაუნდის დარღვევებს იკვლევს. ამას გარდა ჰაიტის მთავრობაზე იზრდება ზეწოლა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლად დაინიშნოს.

XS
SM
MD
LG