ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებას სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა


სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი სროლის შედეგად ერთი სამხედრო ოფიცერი გარდაიცვალა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული შეტაკება 16 აგვისტოს მოხდა. უწყება აცხაადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხების „პროვოცირება“ მოახდინა, როცა ისინი ცდილობდნენ სომხეთის ტერიტორიაზე პოზიციების წინ წამოწევას. საუბარია, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის სოფელ ერსახის მონაკვეთზე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ წინა დღისით, საზღვრის სხვა მონაკვეთზე, აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილების მოგერიებას ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავისმხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, 15 აგვისტოს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის პოზიციებს ნახიჭევანის და სადრაქის რაიონში. ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.

კიდევ ერთ განცხადებაში, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სომხეთმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ქალბაჯარის რაიონსა და ქალაქ შუშას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ბოლო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, 6 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რუსეთის შუამავლობით დადებული შეთანხმებით დასრულდა.

შეთანხმების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო მდებარე შვიდი ოლქი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა.

შეთანხმებას ასევე მოყვა, ადგილზე, დაახლოებით 2000 რუსი მშვიდობისმყოფელის განლაგება.

14 აგვისტოს, ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს სომხეთთან ახალი ომი, რადგან ბაქომ „თავისი ისტორიული მისია“ შეასრულა.

გასულ კვირას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ბაქოსთან მოლაპარაკებები განაახლოს და ელოდება კონკრეტული წინადადებებს ეუთოს მინსკის ჯგუფიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG