ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაცულია თუ არა ამერიკის არჩევნები უცხო ქვეყნის ჩარევისგან?


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ისევე, როგორც სოციალური მედიის კომპანიების - „ფეისბუქის“ თუ „ტვიტერის“ - წარმომადგენლები წინა წლების გამოცდილებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წელს რუსეთის, ჩინეთის თუ სხვა აქტორებისგან მომდინარე გავლენის ოპერაციების ამოსაცნობად და შესაჩერებლად ბევრად უკეთ არიან აღჭურვილნი. თუმცა საფრთხე კვლავ მნიშვნელოვანი რჩება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში, ამერიკაში ყველაზე მეტს სწორედ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და მის შესაძლო გავლენაზე საუბრობდნენ. 22-თვიანი ფედერალური გამოძიების, ათეულობით ადამიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის, დასკვნების 100-ობით ფურცლისა და კერძო კომპანიების ძალისხმევის შემდეგ - უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით კი რუსეთთან დაკავშირებული აქტორების ხელწერას ამერიკაში უკვე კარგად ცნობენ. თუმცა გავლენის ოპერაციებისგან თავის დაცვა კვლავ რთულია.

ეს არის არა დიპლომატია და ეროვნული ინტერესის ღიად გამოხატვა, არამედ ფარული, იძულებითი და კორუფციული ქმედებები იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მთავრობამ გავლენა მოახდინოს ამერიკის პოლიტიკაზე, საჯარო დისკურსზე, პოლიტიკურ სენტიმენტებზე, საბოლოოდ კი - პოლიტიკურ პროცესებზე,
აშშ-ის გენპროკურორის მოადგილე

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ჯეფრი როზენი ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნებიდან ოთხი წლის შემდეგ სამთავრობო უწყებები უფრო კოორდინირებულად მუშაობენ და საარჩევნო ინფრასტრუქტურა დაცულია: „იუსტიციის დეპარტამენტი და ჩვენი კოლეგები მთავრობაში ადაპტირებას ახდენდნენ საგარეო აქტორების მავნე გავლენის მოქმედებებზე, თავს იცავდნენ და აქტიურად ებრძოდნენ მათგან. ახლანდელ საფრთხეებზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და სხვა ფედერალური სააგენტოები, უპრეცედენოდ მასშტაბურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ყველა შტატის თუ ადგილობრივ საარჩევნო კომისიებთან იმისთვის, რომ საარჩევნო ინფრასტრუქტურა დაცული იყოს“, - ამბობს ის.

თუმცა, ბოლო წლებში მთავარი აქცენტი არა საარჩევნო უბნების, ტექნიკის თუ ბიულეტენების დაცვაზე კეთდება, არამედ ისეთი გავლენისგან დაცვაზეც, რომლის შედეგადაც ამომრჩეველი განსხვავებულად იქცევა. მეტი ყურადღება ეთმობა გავლენის მოხდენას საინფორმაციო საშუალებებით თუ სოციალური მედიის მეშვეობით. გენპროკურორის მოადგილე ამბობს, რომ საარჩევნო ინფრასტრუქტურა ამერიკაში დაცულია, თუმცა სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ჩინეთის თუ ირანის სწორედ ასეთი, „მავნე ზეგავლენის ოპერაციები“ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

დაცულია თუ არა ამერიკის არჩევნები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00

„ჩვენ გვაშფოთებს არა მხოლოდ საარჩევნო ინფრასტრუქტურის დაცულობა, არამედ უცხო ქვეყნის მავნე გავლენაც. და „გავლენა“ ხშირად ნიშნავს პროპაგანდას, ზოგჯერ წნეხის ტაქტიკას გავლენის მქონე ადამიანებზე, ასევე ჰაკერობასა თუ პირადი მესიჯების თუ მეილების გატეხვა-გამოქვეყნებას. მთავარი კი ისაა, რომ ეს ხდება სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, რათა გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ამერიკელები ამა თუ იმ საკითხზე და როგორ აძლევენ ხმას. ეს არის არა დიპლომატია და ეროვნული ინტერესის ღიად გამოხატვა, არამედ ფარული, იძულებითი და კორუფციული ქმედებები იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მთავრობამ გავლენა მოახდინოს ამერიკის პოლიტიკაზე, საჯარო დისკურსზე, პოლიტიკურ სენტიმენტებზე, საბოლოოდ კი - პოლიტიკურ პროცესებზე“, - ამბობს ჯეფრი როზენი.

ნოემბრის არჩევნებამდე 9 კვირით ადრე, არჩევნებისთვის მზაობაზე და მავნე ზეგავლენის გამოაშკარავებაზე, ყალბი ანგარიშების თუ ქსელების ამოცნობა-დაბლოკვაზე საუბრობენ „ფეისბუქის“ თუ „ტვიტერის“ წარმომადგენლებიც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ონლაინ სივრცეში სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ქსელებისა თუ ინდივიდების აქტივობებს აკვირდებოდნენ და შედეგად ის ასეულობით გვერდი თუ ჯგუფი იშლებოდა, რომლებიც ყალბ ცნობებს ავრცელებდნენ, ან მომხმარებელთა დაპირისპირებას, მოსაზრებების რადიკალიზებას უწყობდნენ ხელს. თუმცა ზოგ შემთხვევაში მათი მიზნები თუ კონკრეტულ აქტორებთან კავშირი არც ისე ნათელია. ამიტომ კომპანიების უსაფრთხოების ჯგუფებს სხვადასხვა კუთხით უწევთ მუშაობა.

მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ინდივიდები, ორგანიზაციები, სხვადასხვა აქტორები ყალბ საქმიანობაში არიან ჩართულნი - თუკი ისინი მაგალითად ყალბი ანგარიშებით ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ შენიღბონ ვინ არიან სინამდვილეში. კლასიკური მაგალითია უცხოელი აქტორების მიერ თავის ადგილობრივ აქტორებად წარმოჩენა,
ნეთენიელ გლეიჩერი, "ფეისბუქის" უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი

ნეთენიელ გლეიჩერი, „ფეისბუქის“ უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ პროცესს სამი მიმართულებით უდგებიან და გარდა უშუალო აქტორებისა, მათ ქმედებებსა და შინაარსს აკვირდებიან.

„არსებობენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ, ჩვენი პლატფორმებიდან დაბლოკილნი არიან და კვლავაც იქნებიან. ამის კარგი მაგალითია რუსეთის „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“. საჭირო არაა ვიცოდეთ, რას ამბობენ ისინი კონკრეტულად, საკმარისია ვიცოდეთ, რომ კონკრეტული აქტორები დაკავშირებულნი არიან ამ ორგანიზაციასთან“, - განმარტავს გლეიჩერი. რაც შეეხება შინაარსს, ის ამბობს, რომ კომპანიის კონკრეტული სტანდარტები განსაზღვრავს იმას, თუ რა მიიჩნევა ამომრჩეველზე გავლენის მოხდენად, შევიწროვებად ან ძალადობის წახალისებად და ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, მათ წინააღმდეგ ზომები იქნება მიღებული.

„მესამე კი, არის ქცევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ინდივიდები, ორგანიზაციები, სხვადასხვა აქტორები ყალბ საქმიანობაში არიან ჩართულნი - თუკი ისინი მაგალითად ყალბი ანგარიშების გამოყენებით ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ შენიღბონ ვინ არიან სინამდვილეში. ამის კლასიკური მაგალითია უცხოელი აქტორების მიერ თავის ადგილობრივ აქტორებად წარმოჩენა.“

გლეიჩერის თქმით, ქცევებზე დაკვირვება განსაკუთებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნის ჩარევის გამოვლენა სურთ. რადგან ხშირად შინაარსზე დაკვირვება მათ განზრახვებს სულაც არ ავლენს, გავრცელებულ ცნობები თუ მასალები შეიძლება სულაც არ იყოს ყალბი, ჯგუფებისა თუ გვერდების ნაწილი კი საერთოდ არ ეხებოდეს არც პოლიტიკურ და არც სხვა, წინააღმდეგობრივ საკითხს. „ფეისბუქის“ უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ამის მაგალითად ერთ-ერთ გვერდს იხსენებს, სახელად „რიგის მშვენიერი ქუჩები“.

„ამ გვერდის შინაარსთან არანაირი პრობლემა არ არსებობდა. საუბარი იყო იმაზე, თუ რა მშვენიერია რიგაში ჩასვლა თუ სეირნობა წელიწადის სხვადასხვა დროს, რა ლამაზია ქუჩები, გემრიელია საჭმელი და ა.შ. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ გვერდის მმართველი თავს ადგილობრივ საინფორმაციო-სამოგზაურო ორგანიზაციად ასაღებდა, სინამდვილეში კი ცენტრალიზებულად იმართებოდა იმ ჯგუფის მიერ, რომელიც რუსეთს უკავშირდებოდა და რომელიც არაერთ მსგავს გვერდს თუ ჯგუფს მართავდა მთელ რეგიონში. მისი მიზანი ხალხის, აუდიტორიის შემოკრება იყო იმისთვის, რომ შემდეგ, უფრო წინააღმდეგობრივი, დამაპირისპირებელი შინაარსის შემცველი მესიჯები გაევრცელებინათ“, - ამბობს გლეიჩერი და ხსნის, რომ სწორედ ამიტომ ამა თუ იმ აქტივობას სხვადასხვა მიმართულრბით უნდა დააკვირდნენ:

„თუკი ჩვენ მხოლოდ შინაარსს შევხედავთ, მაშინ უნდა დავიცადოთ, სანამ შინაარსობრივი პოლიტიკის დარღვევას ვნახავთ. მაგრამ თუკი გინდა, რომ ამა თუ იმ ტიპის ქცევის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯები, მაშინ ამ ციკლს ოდნავ უნდა გაუსწრო, გასცდე. ეს არსებითად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რადგან გავლენის ოპერაციის გასატარებლად და შენი გზავნილის გასავრცელებლად დიდი აუდიტორია გჭირდება. ამიტომ მათ შესაჩერებლად უფრო ადრე უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს ნეთანიელ გლეიჩერი.

იოლ როთი, "ტვიტერის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყალბი თუ მავნე ინფორმაციის წაშლასთან თუ დაბლოკვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ოფიციალური, სანდო თუ სასარგებლო, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის "პრომოუშენიც", მისი წინ წამოწევა. 2016 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, როთი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესი პლატფორმებს შორის თანამშრომლობა და იმ მკვლევარებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობაა, რომლებიც ამ საკითხებს იკვლევენ, რადგან რუსეთის ჩარევას იმ ფორმით, რა ფორმითაც 2016 წელს ეს მოხდა, არავინ ელოდა. ახლა კი, მიუხედავად ტაქტიკების განვითარებისა და ცვლილებისა, მათი მიზანი აშკარაა და ისიც ცხადია, რომ ამ გავლენის ოპერაციებისთვის პლატფორმები მზად უნდა იყვნენ

ციფრული უსაფრთხოების თუ დეზინფორმაციის ექსპერტები წუხან, რომ მიუხედავად ამა თუ იმ ტაქტიკის ამოცნობისა და ბევრი ფარული საინფორმაციო ოპერაციის გამოაშკარავებისა, კვლავ ძნელია იმ გავლენის გაზომვა და შეფასება, რასაც ეს ოპერაციები კონკრეტულ ადამიანებზე ახდენს: რამდენად ცვლის შეხედულებებს ან რამდენად ამწვავებს დაპირისპირებას, საბოლოოდ კი რამდენად ცვლის თუნდაც არჩევნების შედეგებს. მეორე მხრივ კი რთულია იმის შეფასებაც, რამდენად ეფექტურია მათი საწინააღმდეგო ღონისძიებები.

კარნეგის ფონდის „გავლენის ოპერაციების საწინააღმდეგო პარტნიორობის“ ერთ-ერთი დირექტორი, ალისია უონლესი ამბობს, რომ ამ მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა ჯერაც პასუხგაუცემელია და ყველაფერი ხშირად არც ისე "თეთრი და შავია". მისი თქმით, ძნელია იმის შეფასება, თუ კონკრეტულად რა ცვლილება გამოიწვია ამა თუ იმ მოქალაქის წარმოდგენაში, დამოკიდებულებასა თუ ქცევაში ამგვარმა ქსელებმა, ან რამდენად ეფექტურია მათთან ბრძოლის მეთოდები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ართულებს, კორონავირუსის პანდემიაა, რომლის გამოც მილიონობით ამერიკელი წელს ხმას ფოსტის საშუალებით მისცემს. თუმცა როგორც ხელისუფლების, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ იმ წყაროებს, რომლებისგანაც ინფორმაციას იღებენ. დაუყოვნებლივ გაარკვიონ და დააზუსტონ პროცედურები, მოითხოვონ ბიულეტენები, დარწმუნდნენ, რომ სწორედ აგზავნიან მას და ა.შ. რადგან საბოლოოდ, სწორედ ამომრჩევლის ქმედებები განსაზღვრავს იმას, იყო თუ არა ესა თუ ის „გავლენის ოპერაცია“ წარმატებული.

მანამდე 2 თვით ადრე კი, სოციალური მედიის გიგანტები ერთმანეთთან და მთავრობასთან თანამშრომლობენ იმისთვის, რომ ამომრჩევლის განწყობები, პოლიტიკური დისკურსი, საარჩევნო კამპანია და კენჭისყრა უცხო ქვეყნის ჩარევისგან დაიცვან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG