ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში „ეფლის" ქარხანა შეამოწმეს


ჩინეთის სამ ფილიალში დღესდღეობით 150 000 ადამიანი მუშაობს

სამართლიანი სამუშაო პირობების კონტროლის ასოციაციამ დადებითად შეაფასა კომპანია „ეფლის'' და მისი მთავარი საკონტრაქტო ფირმის „ფოქსკონის'' ძალისხმევა. ჩინეთში მოქმედი „ეფლის" ქარხნებში მნიშვნელოვნად გამოსწორდა უსაფრთხოების ზომები და ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სამუშაო საათების შემცირების საკითხზე.

ჩინეთის სამ ფილიალში დღესდღეობით 150,000 ადამიანი მუშაობს. „ეფლი'' გახდა ელექტრომოწყობილობების პირველი კომპანია, რომელიც შეუერთდა სამუშაო პირობების კონტროლის ასოციაციას. ეს ნაბიჯი კომპანიამ მას შემდეგ გადადგა, რაც გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო ქარხნის რამდენიმე მუშამ თავი მოიკლა. ამასთან, ერთ-ერთ ობიექტზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამ ყველაფერმა კი მნიშვნელოვნად შელახა კომპანიის რეპუტაცია.

სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ექსპერტი ანიტა ჩენი, რომელიც ჩინეთში განხორციელებული ინვესტიციების საკითხებს შეისწავლის, აცხადებს, რომ პროგრესი შესამჩნევია, თუმცა, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ასოციაციის დასკვნას, რომელიც ფინანსდება მისი დამაარსებლების, და მათ შორის, კომპანია „ეფლის" მიერ.

„აუდიტის მუშაობის ისტორია ტოტალური კრახით დასრულდა. 2007 წელს „ეფლის'' კონტრაქტორ ფირმაში „ფოქსკონი" შეიქმნა პროფკავშირი. მაგრამ თვითმკვლელობები გახდა იმის მტკიცებულება, რომ არაფერი შეიცვალა. რამდენიმე თვის მანძილზე მედია აქტიურად აშუქებდა დარღვევებს, შემდეგ კი ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა.“

აუდიტმა ფოქსკონს ვადა 2013 წლამდე მისცა, რათა 360 დარღვევა გამოესწორებინა. უმრავლესობა უკვე შესრულდა, მაგალითად, დააყენეს ერგონომიკური მუხრუჭები, რომელიც მუშების ტრამვების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სტაჟიორების პროგრამის რეფორმაზეც.

აშშ-ის სოლიდარობის ცენტრის, შრომის სამართლის იურისტი, ერლ ბრაუნი გასულ თვეს კონგრესში ჩინეთის საკითხების კომისიის წინაშე წარსდგა. ბატონ ბრაუნს აქვს ეჭვი აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ და აცხადებს, რომ მუშაკებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ, რათა მენეჯმენტს უყოყმანოდ გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები:

„ქარხნის თანამშრომლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება. მაგრამ როდესაც ფოქსკონი მუშებს ურიგებს აიპედებს, სადაც კითხვარია შედგენილი გარე აუდიტის მიერ, გამორიცხული არაა, რომ პასუხები არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. თითოეულ მუშას ეშინია, რომ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი ვინაობის დადგენა, რასაც მოჰყვება მათი გათავისუფლება სამსახურიდან.“

ბრაუნის თქმით, შრომის კანონი ჩინეთში გაუმჯობესდა, ზოგიერთ სფეროში კი შეერთებულ შტატებსაც სჯობს. მაგალითად, ახლად ნამშობიარები ქალების შემთხვევაში.

ჩინეთში იშვიათობა აღარაა საპროტესტო აქციები, რადგანაც მუშებს აქვთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ და ამ უფლებების დასაცავად ბრძოლას ცდილობენ. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ პროტესტი არ გადაიქცევა უფრო მასიურ დაპირისპირებაში მთავრობის წინააღმდეგ. აი რას აცხადებს ამის შესახებ სოციოლოგი მაიკ ლი:

„ძირითადად უკმაყოფილება მიმართულია დამქირავებლების წინააღმდეგ, ხოლო მთავრობას დახმარებისთვის პეტიციით მიმართავენ.“

ამ ფონზე კი „ფოქსკონს'' სულ უფრო ძვირი უჯდება ჩინელი მუშა ხელის დაქირავება. ის თითქმის მილიონ ადამიანს უხდის ხელფასს. მაშინ, როდესაც ''Iphone 5'' უკვე ჩაშვებულია წარმოებაში, კომპანია უფრო იაფ მუშა ხელს ეძებს. არ არის გამორიცხული ჩინეთი ინდონეზიამ ჩაანაცვლოს, სადაც მუშა ხელი უფრო იაფია, ხოლო უსაფრთხოების ზომები კი - ნაკლებად დაცული.
XS
SM
MD
LG