ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის სპეციალისტები კარანტინის ვადის შემცირებას ეწინააღმდეგებიან


ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) გადაწყვეტილებას, კორონავირუსით ინფიცირებული ასიმპტომური პაციენტებისთვის კარანტინის ვადის განახევრების თაობაზე, ჯანდაცვის სპეციალისტები აკრიტიკებენ. მათი აზრით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ეს უსაფრთხოების ზომების შესუსტებას ნიშნავს და შესაძლოა ომიკრონის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი.

ასიმპტომურ ინფიცირებულთა იზოლაციის ვადა თავიდან 14 დღე იყო, შემდეგ - 10. მოგვიანებით 7 დღე დაწესდა, ბოლოს კი 5 დღემდე შემცირდა. თუმცა, ამის შემდეგაც, მათ მომდევნო 5 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ. ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ომიკრონის უკიდურესად ადვილი გადადება და სწრაფი გავრცელება მთელ ქვეყანაში უამრავ დასაქმებულს და დამსაქმებელს აზარალებს და ისინიც, ვინც დაავადებული არაა, შინ დარჩენას ამჯობინებენ.


სპეციალისტთა შეშფოთების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ კარანტინის პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად გათვალისწინებული არაა განსხვავება აცრილ და აუცრელ პაციენტებს შორის, რომლებიც სხვადასხვაგვარი სისწრაფით გამოჯანმრთელდებიან. ამასთან, სავალდებულო აღარაა ტესტირება იმის დასადასტურებლად, რომ პირი ნამდვილად აღარაა გადამდები მანამ, სანამ ის სამუშავებს და სოციალურ გარემოს დაუბრუნდება.

"აუცრელ მოქალაქეებს ბევრად მეტი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ვირუსისგან გათავისუფლდნენ და აღარ იყვნენ გადამდები და ვირუსის გამავრცელებელი. ზოგს ამისთვის ერთი დღეც ჰყოფნის, ზოგი კი კვირაზე მეტხანსაა გადამდები", - ამბობს ექიმი ერიკ ტოპოლი, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

ტოპოლი ამბობს, რომ ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცუდია, რადგან ის არ შეესაბამება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობას, გაითვალისწინოს მეცნიერთა რჩევები და მონაცემები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

ტოპოლის თქმით, ომიკრონის თაობაზე ჯერაც ბევრი რამაა უცნობი საიმისოდ, რომ იზოლაციის 5 დღემდე შემცირების რეკომენდაცია გაცემულიყო. აცრილ და აუცრელ პაციენტებთან თანაბარი მოპყრობის და ასევე ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობები კი ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო მონაცემებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ვირუსის გადადების 90% პირველ 5 დღეში ხდება. ამასთან, მისი თქმით, პანდემიის დროს, ინფიცირებულთა უმრავლესობა ისედაც არ იცავდა სრულ 10-დღიან იზოლაციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG