ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ამერიკის ქვეყნები რუსულ ვაქცინაზე ამყარებენ იმედს


ბოლივია გასული წლის ბოლოს მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისგან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ახალმა პრეზიდენტმა ლუის არსემ კი დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს.

დეკემბრის ბოლოს ბოლივიამ მისი ერთ-ერთი უმსხვილესი შეთანხმება გააფორმა - ვაქცინა მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ისთვის. რუსული ნაწარმის - "სპუტნიკ V"-ის დოზები ქვეყანაში იანვრის ბოლოს ჩაიტანეს. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროს განსაკუთრებით მაღალი იყო.


"ეს მართლაც მარათონული საქმე იყო", - ამბობს ბოლივიის ვაჭრობის მინისტრი ბენიამინ ბლანკო. თუმცა რუსეთის პოლიტიკურმა ნებამ ეს შესაძლებელი გახადა. "დასავლეთის ქვეყნების ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიებმა გვითხრეს ჩვენ, განვითარებად ქვეყნებს, რომ ივნისამდე უნდა მოგვეცადა", - დასძინა მინისტრმა თუმცა კომპანიები კონკრეტულად არ დაუსახელებია.

ბოლივია ერთადერთი არაა სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უდიდესი დასავლური მწარმოებლებისგან ვაქცინების კონკრეტული რაოდენობის გარანტირება ვერ მოახერხეს.

ბოლივიის შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია სამხრეთ ამერიკის ქვეყნების იმ პრობლემებისა, რომლებსაც ისინი დასავლური კომპანიებისგან ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით აწყდებიან. მათ სასურველი დოზების გარანტირება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ კი ბევრმა მათგანმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა.

რუსეთისთვის, რომლის ვაქცინასაც დასავლეთის ქვეყნები სკეპტიკურად უყურებენ, სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის აცრა მნიშვნელოვანია, რათა მის ნაწარმს ერთგვარი ლეგიტიმურობა მიენიჭოს. ამასთან მსოფლიო პანდემიისა და თანმდევი პრობლემების ფონზე, რუსული ვაქცინა რესურსებით მდიდარ რეგიონში შესაძლოა რბილი ძალის იარაღადაც იყოს გამოყენებული. ვაქცინა რუსეთისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა, მისი სახელიც კი საბჭოთა დროის სატელიტის სახელსა და კოსმოსურ რბოლას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG