ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ომსა და მშვიდობას შორის“


„ომსა და მშვიდობას შორის“
„ომსა და მშვიდობას შორის“

შეერთებული შტატების ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მეთიუ მოტენი ამბობს, რომ ომი არასოდეს ყოფილა თვითმიზანი.

მისი თქმით ომი მაშინ იწყება, როდესაც პოლიტიკური საშუალებით მიზნის მიღწევა შეუძლებელი ხდება. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ომის სტრატეგია და შეიარაღება, მაგრამ ომის არსი არ შეცვლილა.

პოლკოვნიკ მოტენის განცხადებით: “ ომი არის სხადასხვა კონფლიქტური ინტერესების შეჯახების შედეგი. ომი შეიძლება ჭიდაობას შევადაროთ, მაგრამ საბოლოოდ ის ერთი მხარის გამარჯვებით თავდება, რომელიც თავის ნებას დამარცხებულ მოწინააღმდგეს ახვევს თავს.“

მეთიუ მოტენი იმ მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკის სამხედრო ისტორიას სწავლობს. მათი ახალი ნაშრომი ისტორიული ესსეების კრებულია სახელწოდებით - „ომსა და მშვიდობას შორის - როგორ ამთავრებს ამერიკა თავის ომებს.“

ბატონი მოტენის თქმით:“ ჩვენ ცალკეულ ქვეთავებში აღვწერეთ შეერთებული შტატების მონაწილეობით მიმდინარე ძირითადი სამხედრო კონფლიქტები, ამერიკის რევოლუციიდან დაწყებული დამთავრებული 1991 წლის სპარსეთის ყურის კონფლიქტით, რომელიც დასრულებულ ომად შეიძლება ჩაითვალოს.“

ამ ნაშრომში 14 ომია განხილული და მხოლოდ ერთზე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკამ მთლიანად მიაღწია თავის მიზნებს. ეს არის 1846-48 წლების ომი მექსიკასთან, რომლის დროსაც ამერიკამ დღევანდელი შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთი დაიპყრო. არცერთ სხვა სამხედრო კონფლიქტში ამერიკას არ მიუღწევია ომის წინ დასახული ყველა მიზნისთვის.

პოლკოვნიკი მოტენი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ომი სამშვიდობო ხელშეკრულებით მთავრდება, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მისი თქმით:“ ყველაზე ძნელი სწორედ იმ ომის დამთავრება იყო, რომელშიც ამერიკა დამარცხდა. ეს ვიეტნამში მოხდა. ამ ომის დროს შეერთებული შტატების პოლიტიკა და სტრატეგია გაურკვეველი იყო და დიდი დრო გავიდა სანამ ამერიკელები მიხვდებოდნენ, რომ უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად ამ ომის მოგება შეუძლებელი იყო.“

როგორც მეთიუ მოტენი ამბობს არის ომები, როდესაც გამარჯვებული და დამარცხებული ძნელია ერთმანეთისგან განასხვავო. ასეთი იყო პირველი მსოფლიო ომი, რომელიც საერთოდ ყველა ომების დასასრულად მიაჩნდათ. მისი თქმით:“ როგორც ცნობილია ეს ომი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და შეეერთებული შტატების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ამავე ომის შედეგი იყო დიდი დეპრესია და კომუნისტური და ფაშისტური რეჟიმების მოსვლა ხელისუფლების სათავეში. პირველი მსოფლიო ომის შედეგი იყო ასევე კიდევ უფრო დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის დაწყება. არიან ისტორიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ომები შეიძლება ერთ, 30 წლიან მსოფლიო ომად განვიხილოთ. თავისთავად ისმის კითხვა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულის შესახებ.“

ისტორიკოსი ჯოზეფ გლათაარი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ომის დასრულების ხასიათი შემდგომ მშვიდობიან ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. რაც შეეხება ამერიკის სამოქალაქო ომს, ბატონი გლათაარის განცხადებით:“ ამ ომმა არა მარტო მონობას დაუსვა წერტილი, არამედ დიდი გავლენა იქონია ამერიკაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში.’’

როგორც ისტორიკოსი როჯერ სპილერი აცხადებს:“ ადამიანები ომებს ხშირად იწყებენ არარეალური იმედებით, მაგრამ მათი შესაძლებლობები ყოველთვის შეზღუდულია, ეს განსაკუთრები მტერთან ურთიერთობის დროს არის თვალშისაცემი.“

ბატონი სპილერის თქმით არა აქვს მნიშვნელობა როგორი დაპირისპირებაა მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ბრძოლის შეწყვეტის შეთანხმებით მთავრდება, მაშინაც კი როდესაც პოლიტიკური ბრძოლა ისევ გრძელდება ხოლმე.

აღნიშნული ნაშრომი შეერთებული შტატების ზოგიერთ სასწავლებელში სახელმძღვანელოდ გადაიქცა. მეთიუ მოტენის აზრით ეს ხელს შეუწყობს ამერიკულ საზოგადოებას უკეთ გაიგოს შეერთებული შტატების ომების ისტორია და პოლიტიკოსებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ მომავალში.

XS
SM
MD
LG