ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დახმარების მიწოდება კვლავ ფერხდება


ქალაქი ალეპო, სირია
ქალაქი ალეპო, სირია

გაერო დიდი ხანია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ბრალს სდებს იმაში, რომ ის ალყაშემორტყმული დასახლებული პუნქტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აფერხებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხალხი სირიაში არამარტო ტყვიით და დაბომბვებით, არამედ მედიკამენტების და სათანადო მკურნალობის არქონის გამოც იღუპება.

კერძოდ, სირიის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო მრჩეველი იან ეგელანდი ამბობს, რომ საკვების და სხვა დახმარების მიწოდების საქმეში პროგრესი შესამჩნევია, თუმცა - არასაკმარისი. ასობით ათასი სირიელი ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე რჩება. ეგელანდი აცხადებს, რომ გაერომ და მისმა პატრნიორმა ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოებმა ვერ შეძლეს ომით განადგურებულ ქვეყანაში აუცილებელი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ტვირთის შეტანა. მისი თქმით, ძალიან ბევრი სირიელი ჯერ კიდევ შიმშილობს და კვლავ წყლის და აუცილებელი ნუტრიენტების გარეშე რჩება. მაგრამ, ამის მიუხედავად, ადამიანთა დაღუპვის მთავარ მიზეზად იქ სამედიცინო მომსახურების არარსებობა რჩება.

“ამ ადგილებში ხალხი სისხლით დაცლის გამო იღუპება. დაჭრილების მესამედს არა მებრძოლები, არამედ ქალები და ბავშვები შეადგენენ. სწორედ ისინი იღუპებიან სისხლის დაცლით, რადგან ქალების და ბავშვების ევაკუაცია არ ხერხდება… ან კიდევ, კლინიკაში ქირურგიული ხელსაწყოები აკლიათ. ისეც ხდება, რომ ისინი საავადმყოფოში, პალატაში წვანან და შენობაზე იერიში ხორციელდება” - აცხადებს იგი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რომელიც 2014-2015 წლებში 19 ქვეყნის მონაცემებს სწავლობდა, სამედიცინო მომსახურების შენობებზე და ჯანდაცვის მუშაკებზე ყველაზე მეტი იერიში სწორედ სირიაში იქნა მიტანილი. ორგანიზაციის დირექტორი სირიაში ელიზაბეტ ჰოფი საავადმყოფოებზე იერიშებს და ჯანდაცვაში მომსახურე პერსონალის დაუცველობაზე საუბრობს. ის სირიის ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ ჰუმანიტარული დახმარების კოლონებიდან სამედიცინო დანიშნულების ნივთებს იღებენ.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ტვირთით სავსე კოლონებიდან ქირურგიულ ხელსაწყოებს იღებენ, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს. ასევე ცლიან მათ ანტიბიოტიკებისგან და ტკივილგამაყუჩებლებისგან. ადამიანებს, რომელთაც დახმარებითაც ვერ ვეხმარებით, იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ სიკვდილის წინ ტკივილი მაინც გაიყუჩონ და ტანჯვაში არ გარდაიცვალონ” - აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გაერომ სირიის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით ახალი ვადა, პირველი აგვისტო დააწესა. ამ თემაზე სასაუბროდ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მართავს. გაეროს დესპანი სირიაში შტეფან დე-მისტურა ამბობს, რომ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყების საქმეში და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით ჯონ კერის ინიციატივა და მონდომება წარმატებით დასრულდება.

XS
SM
MD
LG