ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მაიკროსოფტმა" 20 წლის წინ შესაძლო დარღვევების გამოსავლენად ბილ გეიტსის წარსული გამოიძია


ბილ და მელინდა გეიტსები, 2019 წლის 1 თებერვალი, AP ფოტო

კომპანია „მაიკროსოფტი“ აცხადებს, რომ ჩაატარა წინასწარი მოკვლევა იმის გამოსაძიებლად, ჩართული იყო თუ არა კომპანიის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი სამსახურეობრივ რომანში, რომელიც მის პოზიციასთან შეუსაბამო იყო.

ბრალდება 2019 წელს გაჟღერდა, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა კომპანიას უთხრა, რომ 19 წლის წინ ბილ გეიტსმა თანამშრომელ ქალთან რომანის დაწყება სცადა.

კვირას გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კარგად იცნობენ მიმდინარე საქმეს, ადასტურებს, რომ გამოძიება ნამდვილად ჩატარდა. სტატიის თანახმად „მაიკროსოფტის“ დირექტორთა საბჭომ ჩათვალა, რომ გეიტსი შეუსაბამოდ მოქმედებდა და მას კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია უნდა დაეტოვებინა.

კომპანიის წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

თუმცა, გეიტსის წარმომადგენელმა „უოლ სტრიტ ჯორნალს“ უთხრა, რომ ბილ გეიტსის მიერ კომპანიიდან წასვლის გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ამ საქმესთან.

„თითქმის 20 წლის წინ იყო რომანი, რომელიც ორივე მხარის მხრიდან კეთილგანწყობით დამთავრდა. ბილის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს ამ საკითხთან. მან რამდენიმე წლის წინ გამოთქვა ეს სურვილი იმისთვის, რომ მეტი დროის დათმობა შეძლებოდა ფილანტროპიისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.

გეიტსმა, „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა მილიარდერმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მარტში განაცხადა, რომ ის კომპანიას ტოვებდა. ის კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი 1975 წელს მისი დაფუძნებიდან 2000 წლამდე იყო.

„მაიკროსოფტიდან“ გეიტსის წასვლის სიახლესთან ერთად, თვის დასსაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბილ და მელინდა გეიტსებმა 27 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინების პროცესი დაიწყეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG