ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 ალბინოსი ქალი კილიმანჯაროს თოვლიან მთაზე


აფრიკული წარმომავლობის ექვსმა ალბინოსმა ქალმა კილიმანჯაროს მთა დალაშქრა. მათი მიზანი იყო ალბინიზმის და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპებისადმი საზოგადოების ყურადღების მეტად მიპყრობა.

ექვსივე დისკრიმინაციის, ან ძალადობის მსხვერპლია. გენეტიკურად განსხვავებული კანის, თმის და თვალის თეთრი ფერის გამო, ალბინოსებს ხშირად უწევთ დამცირების და ზოგჯერ სერიოზული ძალადობის ფაქტებთან გამკლავებაც კი.

ამ პრობლემისადმი ცნობადობის გაზრდის მიზნით, მათ ცოტა ხნის წინ, აფრიკის კონტინენტის ყველაზე მაღალი მწვერვალის დაპყრობა გადაწყვიტეს. მათთვის ეს მზის სხივების მაღალი ინტენსივობის გამო, განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა. კილიმანჯარო ზღვის დონიდან 5 895 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ჯგუფის ოთხმა წევრმა ექიმების რჩევით, მწვერვალი მხოლოდ 4 700 მეტრამდე დალაშქრა. ორმა მთამსვლელმა გზა ბოლომდე გააგრძელა. ერთ-ერთ მათგანს გზის შეწყვეტა, მუხლის დაზიანების გამო, მწვერვალიდან სულ 20 მეტრის დაშორებით მოუწია.

7 ოქტომბერს მთამსვლელებიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია საბოლოო მიზანს. ეს არის წარმოშობით ტანზანიელი ნოდუმო მქომნაზი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში იელის უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა სამშობლოში საკუთარი ბიზნესი აქვს. ნოდუმომ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მზის სხივებთან შეხება ასეთი ინტენსივობით არასოდეს ჰქონია და ამის გამო, კილიმანჯაროს მთის მწვერვალის დაპყრობა ურთულეს პირობებში, დაქვეითებული მხედველობით მოუწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG