ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ფედერალიზმი და არჩევნები


ამერიკული ფედერალიზმი და არჩევნები
ამერიკული ფედერალიზმი და არჩევნები

ინტერვიუ ამერიკული ფედერალიზმის ექსპერტ აკრამ ალაიასთან

ორ ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ძალთა ბალანსის შეცვალით მომდევნო ორი წლის მანძილზე პრეზიდენტი ობამას საკანონმდებლო ძალისხმევა ჩიხში შევა. რა დატვირთვა აქვს შუალედურ არჩევნებს ამერიკულ ფედერალიზმზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი პოლიტიკური პაექრობა თეთრ სახლსა და კონგრესს შორის და რა სავარაუდო შედეგებს მოიტანს ეს დაპირისპირება ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე? ამ თემებზე საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა კაპიტალ კომუნიკაციების ჯგუფის პრეზიდენტს, ამერიკის საჯარო დიპლომატიის სპეციალისტს აკრამ ალაიასს ვასაუბრეთ.

ბატონო აკრამ, როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს? იყო თუ არა რაიმე მოულოდნელი?

არჩევნების შედეგები ნამდვილად მოსალოდნელი იყო გამომდინარე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან და ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური ვითარებიდან. მოსალოდნელი იყო ის, რომ რესპუბლიკელები ამ არჩევნებში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევდნენ. არჩევნების შედეგების შესაფასებლად სამ სიტყვას გამოვიყენებდი. დამანგრეველი, დამადასტურებელი და ჯანსაღი. არჩევნები დამანგრეველი პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის მხრივ იყო, დამადასტურებელი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისთვის და ჯანსაღი კი ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური ვითარებისთვის.

თქვენ თითოული ის საკითხი ახსენეთ, რომლებზეც არჩევნები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. თქვენი აზრით, კონკრეტულად რა სფეროებში შეიზღუდება პრეზიდენტი ობამას საკანონმდებლო ძალისხმევა?

ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის შიდა პოლიტიკური გეგმები საფრთხის წინაშე დადგა. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, როცა არჩევნების გამანადგურებელი შედეგები ვახსენე.

ჯანდაცვის სფეროს რეფორმას ამ ეტაპზე არ მგონია რამე ემუქრებოდეს. ჩემი აზრით, ახალი, 112-ე კონგრესი ვერ შეძლებს ჯანდაცვის რეფორმის კანონის გამოწვევას. თუმცა მოსალოდნელია გამოწვეული იქნას და შეიცვალოს კანონის გარკვეული კომპონენტები. ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც ამ კანონს შეხვდება შტატების დონეზე იქნება. 22-მა შტატმა, მოგეხსენებათ, უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში კანონის კონსტიტუციურობის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველზე. ენერგეტიკა, ემიგრაცია და გარემოს დაცვა, ის საკითხებია, რომლებიც პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა. ახლა კი ამ ინიციატივებს სერიოზული პრობელემები ხვდებათ.

საგარეო პოლიტიკაზე რას იტყოდით? ექნება არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე რუსეთთან, ევრაზიასთან და განსაკუთრებით კი კავკასიათან მიმართებაში?

საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ამერიკამ სრულ პოლიტიკურ ბალანსს მიაღწია. ამის თქმისას, ამჟამინდელ პოლიტიკას იმ დროს ვადარებ, რცა ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს ნეოკონსერვატორებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ პოლიტიკურ პროცესებზე. ჩემი აზრით, საგარეო პოლიტიკაში არსებული ტენდენციები უცვლელი დარჩება. ახლად არჩეული რესპუბლიკელებისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი ფისკალური პოლიტიკაა. ახალი რესპუბლიკელები არ არიან ნეოკონსერვატორები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საგარეო პოლიტიკის შეცვლას არ ეცდებიან. გამორიცხული არ არის, რომ მათ პრეზიდენტის პოლიტიკა გაამყარონ, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებში, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამერიკის ჩართულობის ხარისხს ეხება. მაგალითად, ერაყსა და ავღანეთში წარმოებული ომები ამერიკას ასობით მილიარდი დოლარი უჯდება. სწორედ ამ დანახარჯების კონტროლს ექნება უდიდესი მნიშვნელობა ამერიკის „ფისკალურ ცხოვრებაში“ წესრიგის დამყარების პროცესში. პრეზიდენტი ობამას მიერ განცხადებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრშიც სწორედ ეს ორი ომია მოქცეული.

თქვენ ამბობთ, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ?

არა მგონია. ჩემი აზრით, ევრაზიისა და განსაკუთრებით რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.

როგორია ისტორიული პერსპექტივა შუალედურ არჩევნებზე? რა შედეგით ამთავრებდა ხოლმე პრეზიდენტის პარტია შუალედურ არჩევნებს მაშინ, როცა ამერიკის ეკონომიკა რეცესიას განიცდიდა?

ამერიკის არჩევნებში, ეკონომიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნებისმიერი არჩევნების დროს. როგორც წესი, თუ ეკონომიკა დაღმავლობის გზაზეა, შუალედურ არჩევნებს უმრავლესობა დიდი დანაკარგებით ამთავრებს ხოლმე. ეს საკმაოდ ხშირად ხდება და აქ გასაკვირი არაფერია. ადგილობრივი საკითხები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ამერიკელი ამომრჩევლისთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი. მაგალითად, ამომრჩეველს ნაკლებად აღელვებს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ეს არჩევნების შედეგებზეც აისახება ხოლმე.

თუმცა, საყურადღებოა ერთი ფაქტორი, რომ პრეზიდენტები ხშირად ახერხებენ ხოლმე შიდა პოლიტიკური საკითხების გამოყენებას მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევნების დროს. მაგალითად, ჯორჯ ბუშმა 2004 წელს ამ საკითხს კარგად გაართვა თავი. ისეთ შტატებში, სადაც ეკონომიკა მძიმე ვითარებაში იყო მან ისეთი საკითხებიზე ისაუბრა როგორიცაა ჰომოსექსუალების ქორწინება, აბორტის უფლება და სხვა. ამით მან საზოგადოების ყურადღება ეკონომიკიდან სხვა საკითხებზე გადაიტანა.

შუალედური არჩევნების დროს ასევე იმართება ხოლმე გუბერნატორების არჩევნებიც. რა დატვირთვა აქვს ამ არჩევნებს ამერიკის ფედერალურ სისტემაში და რა გავლენა აქვთ გუბერნატორებს ქვეყანაში არსებულ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე?

ჩემი აზრით, გუბერნატორების არჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთ არა-ცენტრალიზებულ ფედერალურ სისტემაში, როგორიც ამერიკაში გვაქვს. მოგეხსენებათ ეს ქვეყანა გაერთიანებული შტატების რესპუბლიკაა და არა ამერიკის რესპუბლიკა ან ამერიკის სახალხო რესპუბლიკა. გამომდინარე აქედან, თითოეული შტატი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის შიდა პოლიტიკის წარმოებაში და პოლიტიკისთვის მიმართულების მიცემაში.

საგუბერნატორო არჩევნებში რესპუბლიკელების მნიშვნელოვანი გამარჯვება ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტიზაციაზეც იქონიებს გავლნას. სავარაუდოდ, ეს ფედერალური მთავრობის როლის საგრძნობლად შეკვეცასაც მოიტანს შედეგად. რადგანაც ახლად არჩეული რესპუბლიკელი გუბერნატორები ფედერალური მთავრობის მიერ შტატის ფუნქციებში ჩარევას აქტიურად შეეწინააღმდეგებიან.

არჩევნების კონტექსტში წინააღმდეგობაზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩაის სმის მოძრაობა. ამერიკაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რესპუბლიკელებმა შეიძლება ჩაის სმის მოძრაობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვონ. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოსაზრებას?

რესპუბლიკელები ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩაის სმის მოძრაობა ძალიან ჰგავს რას ბოროს მოძრაობას, რომელიც ამერიკაში დიდი ხნის წინ არსებობდა. ეს რეფორმისტული მოძრაობა იყო, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა, პირველი ის, რომ შეეზღუდა ფედერალური მთავრობის როლი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და მეორე, შეემცირებინა ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი.

რეფორმისტები 1994 წელს რესპუბლიკელებს ქვეყნის სათავეში მოსვლაში დაეხმარნენ. რესპუბლიკურმა კონგრესმა კი დანაპირების შესრულება ვერ შეძლო. სწორედ ამან განაპირობა ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარების შექმნა, რომ მოგვიანებით ხალხს პრეზიდენტი ობამა აერჩია ქვეყნის ლიდერად. ახლა საზოგადოებრივი აზრი კვლავ შეიცვალა და მოსახლეობა, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ კონსერვატორულია, რესპუბლიკელებისგან დადებით ცვლილებებს ელის. თუ ვითარება არ შეიცვალა, არა მგონია მომავალი არჩევნებისთვის ხალხმა ადვილად დაივიწყოს რესპუბლიკელების შეცდომები.

ბატონო ალაიას, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

XS
SM
MD
LG