ტუნისსა და ეგვიპტეში პოლიტიკური ცვლილების მოთხოვნას ყველაზე ხშირად სწორედ საშუალო კლასის წარმომადგენლები გამოხატავდნენ. ახლა საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში მზარდი საშუალო კლასი მთავრობებს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს მაგრამ იმავდროულად შეიძლება პოლიტიკური სტაბილურობის პოტენციური წყარო გახდეს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დასავლეთ აფრიკაში სკოტ სტერნსი იუწყება, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკური მღელვარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას მზარდი საშუალო კლასი წარმოადგენს.
საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ამ გზავნილს დიდი ყურადღებით აღიქვამენ. ანტი-კორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი ნუჰუ რიბადუ ნიგერიაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს. რიბადუს მიაჩნია, რომ ეგვიპტეში, ტუნისსა და ალჟირში მომხდარი სახალხო აჯანყებები იმის მანიშნებელია, რომ ახალგაზრდა თაობას ეკონომიკური რეპრესიის პირობებში ცხოვრება აღარ სურს.
„მათ ათწლეულების მანძილზე რეპრესიების, უუნარო მმართველობის, წარუმატებელი პოლიტიკისა და იდეების პირობებში ცხოვრება აღარ სურთ. ხალხის ნების ამაღელვებელი გამოხატულების ფონზე ახალგაზრდა კაცები და ქალები მოლაპარაკებებსა და ცვლილებებს ითხოვენ, რითაც ისინი დემოკრატიის მიღწევას ცდილობენ,“ აღნიშნა რიბადუმ.
გლობალურ ასპრეზზე საშუალო ანუ მომხმარებელთა კლასი შედგება ოჯახებისგან, რომელთა ყოველი წევრი ყოველდღიურად ათიდან ას დოლარამდე ხარჯავს. ზოგადად საშუალო კლასი პოლიტიკური სტაბილურობის წყაროდ მოიაზრება რადგან ამ კლასის წარმომადგენლები ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დაინტერესებულები არიან.
მაგრამ სტაბილურობა ეკონომიკური თავისუფლებების ხასიათზეა დამოკიდებული. რეიმონდ გილპინი შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან არსებული მდგრადი ეკონომიკის ინოვაციების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი გახლავთ.
„ეგვიპტის შემთხვევაში საშუალო კლასი ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური ეკონომიკის პირობებში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ბერკეტებს მხოლოდ რამდენიმე პირი აკონტროლებდა. ამ გარემოების გამო ბოლო ხუთი წლის მანძილზე საშუალო კლასის წარმომადგენლები გრძნობდნენ, რომ ისინი ქვეყნის წინსვლაში არ მონაწილეობდნენ,“ აღნიშნა რეიმონდ გილპინმა.
ექსპერტის თქმით ეგვიპტის მაგალითი აფრიკულ სახელმწიფო განისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განაში საკმაოდ მომძლავრებული საშუალო კლასი მთავრობისგან ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები ინფრასტრუქტურის განვითარებაში დააბანდოს.
„საშუალო კლასი პოლიტიკურ პროცესებში ძალიან წარმატებულად მონაწილეობს. რაც შეეხება დასაქმებასა და დოვლათის დაგროვებას მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს, რაც უფრო მეტი სტაბილურობის საწინდარს წარმოადგენს,“ აღნიშნავს გილპინი.
ბოლო ათი წლის მანძილზე მაროკოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მომატების შედეგად საშუალო კლასი ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტიდან 50 პროცენტს გადააჭარბა. მაროკოს ეკონომიკის მინისტრი ნიზარ ბარაკა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური წარმატება დოვლათის დაგროვებას უკავშირდება.
„მხოლოდ საშემოსავლო დონე საშუალო კლასს არ განსაზღვრავს. ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ თვით საშუალო კლასის წევრობის აღქმა რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდა,“ დასძენს მაროკოს ეკონომიკის მინისტრი.
მსოფლიო ბანკის გამოანგარიშების თანახმად შემდეგი 20 წლის მანძილზე საჰარის სამხრეთით მდებარე რეგიონის ქვეყნების საშუალო კლასი 43 მილიონს მიაღწევს. ამ მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რიცხვი სამხრეთ აფრიკას, ზამბიას, ნიგერიას, კენიასა და განას აერთიანებს.