ცნობილი ჯაზმენი, 86 წლის კამერუნელი საქსოფონისტი მანუ დიბანგო, ბევრისთვის საყვარელი "პაპი გრუვი" სამშაბათს კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შეტყობინება მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ჯაზმენის ავადმყოფობის შესახებ ცნობები ამავე გვერდზე გასულ ოთხშაბათს დაიწერა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის "კოვიდ-19-თან დაკავშირებული დაავადებით საავადმყოფოში მოათავსეს და მისი გამოჯანმრთელების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. "ის მოუთმენლად ელის კვლავ თქვენთან შეხვედრას", - ეწერა განცხადებაში.
ცნობილი არ არის კონკრეტულად სად გადიოდა ის მკურნალობის კურსს, თუმცა კამერუნელი ჯაზმენი საფრანგეთში ცხოვრობდა.
მუსიკოსს უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, უკიდურესი სიმკაცრით და ვირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის საჭირო წესების დაცვით დაკრძალავენ. საფრანგეთში ამჟამად დაკრძალვას 20 ადამიანზე მეტი არ უნდა დაესწროს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისთვის პატივის მიგება მაშინ მოხდება, "როდესაც ეს შესაძლებელი იქნება".