ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოთა კავშირში დაბადებული ვეცერთი ქართველი ბავშვი ვერ წარმოიდგენდა, რომ გია ყანჩელის ცნობილი მუსიკა მულტფილმიდან "ჯადოსნური კვერცხი" 2017 წელს ნიუ-იორკის "იამაჰას" ცენტრში აჟღერდებოდა. საშობაოდ მორთულ მეხუთე ავენიუზე - იქ სადაც ყველაზე ბევრ ფოტოს ტურისტები სწორედ ამ სეზონზე იღებენ - ქართული "ჭიდაობას რა უნდა", ისმის, შემდეგ "ქარი კვლავ არხევს, ნაცნობ ლელიანს"... ეს მისტიკური გარემო და ჯაზურ კომპოზიციებში გაცოცხლებული ქართული სული - ჯანსუღ კახიძის, შოთა მილორავას, დავით თორაძის, სულხან ცინცაძის, ნოდარ გაბუნიას და გია ყანჩელის უკვდავი კინო-მუსიკაა.

ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი მიქაძემ, რომელმაც პროფესიული განათლება საქართველოს შემდეგ ამერიკის პრესტიჟულ ინსტიტუტებში მიიღო, ქართული კომპოზიციების პოპულარიზაციისთვის სპეციალური პროექტი შექმნა სახელწოდებით, "ქართულ სიმღერათა კრებული", რომელზეც ფიქრი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო.

პრეზენტაცია "იამაჰას ცენტრი არტისტებისთვის" დირექტორმა, ბონი ბარეტმა გახსნა.

ბონი ბარეტი: „გიორგი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. რაც ყველაზე განსაკუთრებულია მასში არის ის, რომ მას აქვს, განსაკუთრებული ვნება იმ არაჩვეულებრივი მუსიკის მიმართ, რომელიც საქართველოშია შექმნილი. მას სურს რომ ეს მუსიკა გაგვიზიაროს. სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვისაც სიახლეა და სხვა ამერიკელებისთვისაც. ეს მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკაა და რაც მეტს გავიგებთ ამ მუსიკის შესახებ, მით უფრო დავაფასებთ და მოვიწონებთ. გიორგი ნამდვილი ჩემპიონია იმის გამო, რომ დღეს ჩვენ ყველას ეს შესანიშნავი კომპოზიციები გაგვიზიარა.“

გიორგი მიქაძე
გიორგი მიქაძე

თავად გიორგი მიქაძე ამბობს: „ერთ-ერთი მიზანი, რატომ გავაკეთე ეს, იმიტომ რომ ქართველი მუსიკოსები მხოლოდ ამერიკულ ჯაზ-სტანდარტებს უკრავენ და ამ დროს როდესაც, ქართველი კომპოზიტორებიც ძალიან ლამაზ მელოდიებს წერდნენ, ისევე როგორც ამერიკელი მუსიკოსები ფილმებისთვის ძალიან ლამაზ მუსიკას და შემდეგ ეს ჯაზ-სტანდარტად ჩამოყალიბდა. ეს არის მიზანი, რომ შემდგომ ეს კომპოზიციები დაუკრან საქართველოში, რადგან ეს მაინც ქართულია და საქართველოს კუთვნილებაა. თან მსურს ამერიკელებიც გაეცნონ იმ ქართულ მუსიკას, რომელიც ფილმებისთვის იწერებოდა გასულ 60-70-იან წლებში.”

გიორგი მიქაძემ ჯაზურ კომპოზიციებად ქართული მუსიკის გარდაქმნას მხოლოდ ათი დღე მოანდომა. ქართული მუსიკალური კინო-ჰიტები მან ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად ადამ ოფეროლთან, ბენჯამინ ტიბერიოსთან და რაფაელ პანერთან ერთად შეასრულა.

ადამ ოფეროლი: „ძალიან მაგარი იყო! საერთოდ განსხვავებულ მელოდიასთან მქონდა შეხება. მადლობელი ვარ, რომ გიორგიმ მე, ამერიკელ მუსიკოსს საშუალება მომცა ქართული მუსიკასთან მუშაობის გამოცდილება მქონოდა. საინტერესო იყო ამ მუსიკასთან შეხება, ნოტების ერთმანეთთან შერწყმა.“

კომპოზიტორი დაიმან გონზალეზი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი შესრულება იყო და თავად პროექტიც ძალიან საინტერესო - ფოლკის, კლასიკური მუსიკის და ჯაზის თანამედროვე დასავლურ კულტურასთან შერწყმა.

ქართველ შემოქმედს წარმატება “იამაჰას არტისტთა ცენტრში” ქართველმა ემიგრანტებმაც მიულოცეს.

ანა ლეჟავა: „ამაზე არაჩვეეულებრივი საღამო ალბათ დიდი ხანია არ მქონია. მთლიანად ატმოსფეროც უწყობს ხელს ამ განწყობას. პირდაპირ წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძარი გვაქვს, გვერზე “Saks5th avenue” იამაჰას ულამაზესი დაწესებულება და გიორგის უმშვენიერესი მუსიკა. მართლა აღფრთოვანებული ვარ.“

გიორგი მიქაძისთვის 2017 წელი წარმატებული იყო. ის არის პირველი ქართველი, რომელიც ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ამ ზაფხულს მიწვეული პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა. მუშაობა ახალ პროექტზე , რომლის პირველი ნაწილის პრეზენტაცია წარმატებით ჩატარდა 2018 წლიდან ისევ გაგრძელდება და სხვა ქართული მუსიკალური მელოდიები დაემატება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG