ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ქართველი მბრძანებელი


მეფე გიორგის ქრისტიანობის ერთგულება დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს მტრებმა.

ოდესღაც, ძალზე დიდი ხნის წინათ, იქ, სადაც ახლა ამერიკელთა სამხედრო შტაბია განლაგებული და ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში ქართველი სამხედროები მონაწილეობენ, შორეული ავღანეთის ქალაქ ყანდაარში, ქართლის მეფე გიორგი მე-11 იჯდა და განაგებდა იქაურ საქმეებს.
მე-18 საუკუნის დასაწყისში, დასუსტებული ირანი ვეღარ უმკლავდებოდა იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში ავღანელთა მეომარი ტომების გამუდმებულ აჯანყებებს. ავღანეთიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ გურჯისტანში, კი ქართლ-კახეთის მეფეები დამოუკიდებლობისთვის უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდნენ იმავე სპარსელებთან. ამ გარემოების გამო სპარსეთის შაჰის კარზე, ისფაჰანში, გიორგი მე-11-ის საქართველოდან მოშორების და ავღანეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნის მზაკვრული გეგმა დაიბადა. ამით, ვაჟკაცობით განთქმული ქართველი მეომრები სამშობლოსაც დააკლდებოდნენ და ავღანეთში ირანის სამეფო კარის იმპერიულ მიზნებსაც დაიცავდნენ.

ამასთან დაკავშირებით, მეფის ამალის წევრი და უერთგულესი თანამებრძოლი სეხნია ჩხეიძე წერდა:“ უბოძა ყაენმან შაჰსულთან ჰუსეინ მეფე გიორგის ქართლი და ერანის სპასალარობა, ყანდაარის ბეგლარბეგობა...რა გაეწყობოდა: შეგვექნა სიხარული ქართლის შოვნისათვის, მაგრამ ყანდაარს წასვლისთვის მოწყენა.“
1703 წელს, მეფე გიორგი ქართველთა და სპარსთა 24 ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო მათი ბელადი მირვეისი და შაჰის კარზე გაგზავნა ისფაჰანში. თანაც შაჰს შეუთვალა:“ ესე სულთანი უარშიობს, უნდა არევა ამა ქვეყნისა, ნუღარ გამოუშვებთ თვარამ ერთს რასმე მოახდენსო."

გიორგიმ დატყვევებულ მირვეისთან ერთად ყიზილბაშთა 20 ათასიანი ლაშქარიც გააგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი დაიტოვა.
აჯანყებულ ავღანელებთან ომის მთელი სიმძიმე ქართველებს დააწვათ მხრებზე, რადგან გიორგი მეფის მტრებმა ისფაჰანში, აჯანყებულთა მეთაური მირვეისი, შაჰს, უკან, ავღანეთში დააბრუნებინეს.
მიუხედავად მძიმე კლიმატური პირობებისა და ჯარის სიმცირისა ქართველები ჩვეულებისამებრ მხნედ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები მიდიოდნენ საომრად. თავად ჩინებული მეომარი სეხნია ჩხეიძე არაერთგან აღნიშნავს ქართველთა თვისებას მძიმე გასაჭირის ჯამს გამხიარულება, რომ უყვარდათ.

აი რას წერს ის გიორგი მეფის შესახებ:“ იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის.“
ქართველთა ერთ-ერთი სარდალი, ლევან ბატონიშვილი კი, მტრის წინააღმდეგ წასული, რუსთაველის ლექსით აგულიანებდა მეომრებს:“ უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებან ხმელთა სპანი.“
ბელუჯებთან გახურებული ომის დროს კი, როდესაც მტრის ტყვია ბატონიშვილის თავს ზემოთ წუოდა:“ მოახსენა სეხნიამ პატრონსა მისსა, ცოტა სადავის აწევა და ცხენის უკუდგომა. პასუხად ლევანმა მხოლოდ გაუცინა და აღარ ეგებისო უთხრა.“
მეთაურთა ვაჯაკაცური მაგალითით გამხნევებული რიგითი მეომრები ომში:“ მზემან ღუთისამან, ასე მივდიოდით, ვითარცა ქორწილსა შინა წვეულნი ვყოფილიყავით.“

ქართველთა საარაკო გმირობის ამბავი მალე მთელ ავღანეთს მოედო. ავღანელთა მიერ დაბეჩავებული ქირმანის მოსახლეობა ამგვარად გამოხატავდა მადლიერებას ქართველთა მიმართ:“ კურთხეულ არს ღმერთი, თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვის გამოგარჩივათო.“
სეხნია ჩხეიძე საოცარი ირონიით აღწერს ბრძოლის წინა ღამეს, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ქართველთა ღამის ყარაულების გადაძახილს:“ მოვიდა რისხვა ღუთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარი კაცის მჭამელნიო. შექნეს თურე ჭმუნვა დიდი, ეს კი არ იცოდნენ, არც ოცი ქართველნი გვახლდა, თითოს ქათმის შეჭმაც არ შეგვეძლო.“

ავღანელებთან შეტაკებებში ქართველთა მხარდამხარ მებრძოლი სპარსელები ხშირად იჩენდნენ სულმოკლეობას და უკან მოუხედავად გარბოდნენ ბრძოლის ველიდან. ამის გამო ბრძოლის მთელი სიმძიმე ქართველების მხრებზე გადადიოდა და ისინიც ვაჟკაცობის და გმირობის საარაკო მაგალითებს უჩვენებდნენ მტერს:” ოთხნი ბელუჭნი წასულ იყო და თხუთმეტი თათარი ცხენ-კეთილი უკან მისდევდა, ეს ოთხი გამოუბრუნდებოდნენ ამ თხუთმეტს გამოიქცევდნენ, ის ქვეითნი მისდევდნენ და ვერა ავნეს რა. რა ნახა ზურაბ ამ ყოფაში არიან, შემოუტია, ჰკრა ერთსა შუბი და მეორეს-ზე იცა, ორივ წაიქცნენ, ჰკრა მესამესა შუბი, თქვენმა მზემა, გავლო შიგა და მიწას დააბა იგი კაცი, გატყდა შუბი და გაიკრა ხმალსა ხელი, მიმართა მეოთხესა, არ ავად იყო იგი კაცი, შემოუვარდა ცხენს ქვეშ, შემოჰკრა ხმალი ზურაბს ავჟანდასა, გაუჭრა ავჟანდა, ფეხს ვერა ავნო რა. გაიხტუნა ცხენი, შემოჰკრა თავსა ბელუჭისასა და ჩაჰკვეთა კისრამდის, დასჭრეს ამ თხუთმეტმა კაცმან თავები და მიართვეს ზურაბს და მოულოცეს გამარჯვება, არად ინდომა:“ თქვენი იყო, მე მოგეხმარეო.“
ამ შემთხვევაშიც კარგად ჩანს ქართველი მხედრების რაინდული ბუნება. ქართველები დიდნი თუ მცირენი, გლეხკაცი თუ აზნაურიშვილი ერთად იზიარებდნენ მხედრული ცხოვრების სიძნელეებს და ომშიც ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ.

მირვეისის მომხრეთა მუხანათობის გამო ქართველები იძულებულნი იყვნენ აჯანყებულთა წინააღმდეგ დასჯის სასტიკი მეთოდები გამოეყენებინათ:“ საითკენაც ურჩნი იყო გაუსევდის ჯარსა და უყვის ყათლამი, ზოგი კლდესა გარდაყარის, ზოგი ცოცხალი დამარხის, ზოგთ კბილები დააძურის და თავზე დაარჭვის, შეშინდა ყანდაარის ქვეყანა და შეიქნა უშენოთა შენება.“
მაგრამ ბრძოლის ველზე ქართველების მიერ არაერთგზის ძლეულმა მირვეისმა მუხანათობით მაინც გაიმარჯვა. 1709 წელს, მან ყანდაარის სიახლოვეს რამდენიმე სოფლის აჯანყების ინსცენირება მოაწყო, გიორგი მეფე წამოეგო ანკესზე და აჯანყებულთა დასასჯელად ქართველთა 3 ათასკაციანი ჯარი გაგზავნა თავისი ძმისწულის ალექსანდრეს მეთაურობით. თავად კი მირვეისის მიერ მის საპატივცემულოდ გაშლილ პურმარილზე მცირერიცხოვანი ამლით გაემგზავრა. მაგრამ:’’უღალატა მეფეს გიორგის ყანდაარის სულთანმა მირვეისმა, მოუხდა განთიადსა, დაესხა თავსა. რა სცნა მეფემან, ედვა ქარქაში სარჩისა გვერდას მისსა, გაიკრა ხელი, თავმან მისმან, სანამდის ისარი ჰქონდა არცერთი არ დააცდინა, რა ისარი დაელია, გაიკრა ხმალსა ხელი, როგორც დევი ისე იბრძოდა, ჰკრეს თოფი ამა მორჭმა დიდების პატრონსა და მოკლეს, ვინცა ქართველნი დარჩომილ იყო ამოსწყვიტეს.“
მეფე გიორგის ქრისტიანობის ერთგულება დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს მტრებმა, როგორც ირანში მოღვაწე კათოლიკე მისიონერები აღნიშნავდნენ და ვახუშტი ბატონიშვილიც მოგვითხრობს:“ მოკლეს მეფე გიორგი დიდსა ხუთშაბათსა და აჰყარნა ჯვარნი მეფესა, მირვეის და ფსალმუნი, რომელსაცა იკითხვიდა ჟამსა მას და წარმოუგზავნა ყეენსა.
ცოცხლად დარჩენილ ქართველებს კი მირვეისმა 12 ათასიანი ლაშქარი დაუპირისპირ:“ დაუწყეს უკან დევნა და ომი ფიცხელი, თორმეტჯერ ქართველთ გაემარჯვა, მოკლეს იმათი ჯარი ორი ათასი და შეწევნითა ღუთისათა ამათ არა რა ევნოთ.“
ამის შემდეგ ქართველთა საომარი ეპოპეა ავღანეთში კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა, რასაც არერთი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. სამაგიეროდ სპარსელებმა ავღანეთში მეომარი ქართველების ღალატისთვის სულ მალე საკუთარი სისხლით აგეს პასუხი, როდესაც მირვეისის მემკვიდრეებმა იფაჰანი აიღეს და უმოწყალოდ ამოჟლიტეს ოდესღაც ძლევამოსილი სპარსეთის იმპერიის სატახტო ქალაქის მოსახლეობა.

ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი,- „ავღანელები სპარსელებთან შედარებით ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით ცხვრები. ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებითო.“

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG