ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბთა თავდასხმების რაოდენობამ იმატა


ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში, გასულ კვირას ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გასული კვირა აღინიშნა თალიბანის თავდასხმების რაოდენობის დრამატული ზრდით ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში, რასაც ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა ქაბულში განაცხადეს, რომ მსხვერპლის უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო.
კვირას, პრეზიდენტმა კარზაიმ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა უმერ დაუძაი, ქაბულის ელჩი მეზობელ პაკისტანში.
თავისი ახალი მოვალეობის შესრულების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის ხმასთან საუბარში, ელჩმა დაუძაიმ უსაფუძვლოდ მიიჩნია ღელვა იმის გამო, რომ ავღანეთის ძალებმა შესაძლოა თავი ვერ გაართვან ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეს მას შემდეგ, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის, ნატოს ძალები დატოვებენ ქვეყანას.

„ვაკუუმი, რომელსაც ისინი თავისი გასვლით შექმნიან, შეივსება ავღანური ძალებით, და ავღანური ძალები გარკვეულნი არიან ამ გარემოებაში. მათ გაიარეს სწავლება, წვრთნა და აღიჭურვნენ ამ მიზნისთვის. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ შეშფოთებას, რომ ნატოს ძალების წასვლასთან ერთად ქვეყანა ქაოსს დაუბრუნდება. ამისი არც ნება არსებობს და არც მიზეზი, რომ ასე ვიფიქროთ.“

ის ამბობს, რომ უცხოური ძალების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში 2014 წლის შემდეგაც დარჩება, რათა დაეხმაროს და რჩევები მისცეს ავღანეთის უშიშროების ძალებს.
ბატონი დაუძაი უარყოფს შიშს იმის თაობაზე, რომ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო პროცესის არარსებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებს. ის ამბობს, რომ ცდილობენ, რათა ამბოხებულები ჩართონ პოლიტიკური შერიგების პროცესში.

„თუ მოლაპარაკებებში იქნება წინსვლა, ისინი მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და მივაღწევთ შეთანხმებას, ეს ძალიან კარგი იქნება. თუ არა, არ მგონია მათ ძალა შესწევდეთ არჩევნების ჩასაშლელად. მე ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდება , რადგან ასეთია ავღანელი ხალხის ნება.“

ბატონი დაუძაი ასევე ირწმუნება, რომ შეიარაღებულ ჯგუფს არ შეუძლია გააქარწყლოს ის პროგრესი, რასაც ავღანეთმა მიაღწია გასულ ათწლეულში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: უსაფრთხოება, განათლება, პოლიტიკური და იურიდიული რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოება და ქალთა უფლებები.
ამერიკული სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, თალიბანს ნება მიეცა გაეხსნა პოლიტიკური ოფისი ქათარში, რათა ჩართულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ამერიკელ და ავღანელ მხარეებთან. მაგრამ პრეზიდენტი კარზაი გაემიჯნა ამ პროცესს რათა გაეპროტესტებინა, მის წარმომადგენლებთან წინასწარი შეხვედრების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის. გასულ კვირას ის პაკისტანს ეწვია იმ იმედით, რომ იქაური ლიდერები გამოიყენებდნენ თავის გავლენას თალიბანზე და მიიყვანდნენ მათ ავღანურ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან. როგორც სჩანს, ბატონი კარზაი ქაბულში დაბრუნდა ისე, რომ არ გამოუცხადებია საკუთარი მისიის პროგრესის შესახებ. კვირას, ქაბულში პრესასთან შეხვედრისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა ჯანან მოსაზაიმ მოუწოდა პაკისტანს, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულება, რაც მან საკუთარ თავზე აიღო ავღანეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს.

„მე არ ვაპირებ გაგიზიაროთ კონკრეტული გადაწყვეტილებების დეტალები, მაგრამ ჩვენ მოველით რომ პაკისტანის მთავრობა გადადგამს გარკვეულ კონკრეტულ ნაბიჯებს რათა ხორცი შეასხას იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენ, პრეზიდენტ კარზაის ისლამაბადში ვიზიტისას მივაღწიეთ.“

პაკისტანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისლამაბადი დაჰპირდა ავღანეთის ხელმძღვანელობას, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის და შერიგების პროცესს ავღანეთში. თუმცა ისინი დარწმუნებულნი არ არიან, შესძლებენ თუ არა თალიბანის ლიდერების დაჯერებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოონ პრეზიდენტ კარზაის გუნდთან.
მეამბოხე დაჯგუფება დიდი ხანია უგულებელყოფს ავღანეთის ლიდერს, როგორც „ამერიკის მარიონეტს“.
XS
SM
MD
LG