ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერ ისევ უცნობია


ავღანეთის საარჩევნო კომისიამ 5 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება გადაავადა. კომისიის განცხადებით, დამატებითი დროა საჭირო საარჩევნო დარღვევების გამოსაძიებლად.

არჩევნების საბოლოო შედეგები 24 აპრილს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია შედეგებს 26 აპრილს გამოაცხადებს.

საარჩევნო კომისიის ოფიციალური პირების ცნობით, დამატებითი დროა საჭირო იმისთვის, რომ გამოძიებული იქნას ყველა დარღვევა, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირდა. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

წინასწარი მონაცემებით, 44 პროცენტით ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 33 პროცენტით მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი აშრაფ ღანია.

ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მიიღებს თუ არა რომელიმე მათგანი ხმების 50 პროცენტზე მეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
XS
SM
MD
LG