ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კროკერი: ბოიკოტი პაკისტანისთვის საზიანო იქნება


კროკერი: ბოიკოტი პაკისტანისთვის საზიანო იქნება

შეერთებული შტატების ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი, თვლის, რომ პაკისტანელთა გადაწყვეტილება ავღანეთის თემაზე დაგეგმილი კონფერენციის ბოიკოტის შესახებ ისევ მათი ქვეყნისთვის იქნება წამგებიანი. საუბარია საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 5 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ბონში იწყება. 2001 წელს ბონის პირველ კონფერენციაზე დიპლომატებმა ავღანეთის გარდამავალი მთავრობა დაამტკიცეს.

მსოფლიოს 85 ქვეყანა ბონის პირველი კონფერენციიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ კვლავ იკრიბება და ავღანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის და აყვავების ინტერესებისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ბატონი კროკერის თქმით აღნიშნული კონფერენციით საერთაშორისო საზოგადოებრიობას სურს აჩვენოს ავღანეთს, რომ მსოფლიოს დაინტერესება ავღანეთში მშვიდობის დამყარებით არ განელებულა:

სხვადასხვა მონაწილე ქვეყნების მიზანია ღიად განაცხადოს: ჩვენ თქვენთან ვართ უკვე 10 წელია და ისევ თქვენს გვერდით ვიდგებით მომავალი 10 წლის განმავლობაში“.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბატონმა კროკერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ისლამაბადის არყოფნა კონფერენციაზე ძალიან სამწუხარო იქნება. თუმცა, ეს ფაქტი კონფერენციის გეგმებს ხელს მაინც ვერ შეუშლის.

„გულახდილად რომ ვთქვა, ეს უფრო მათი დანაკლისი იქნება, თუკი არ მოვლენ. ეს ფაქტი კონფერენციის შედეგზე არ იმოქმედებს“ .

პაკისტანის ხელისუფლების განცხადება ბოიკოტის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უკანასკნელ ქმედებათა გამო პროტესტის ნიშნად იქნა გაკეთებული. ნოემბრის ბოლოს მომხდარ ინციდენტში პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოს საავიაციო დაბომბვის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანიმ ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის კრებაზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა არავის მისცემს უფლებას ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება შელახოს.

„თანამშრომლობა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის და პაკისტანის მოთმინებასაც საზღვარი აქვს“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პენტაგონის სპიკერის, ჯორჯ ლითელის, განცხადებით ნატომ პაკისტანის მთავრობას საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რაზეც ის დღემდე უარს ამბობს.

პაკისტანის ხელისუფლება ასევე კატეგორიულ უარს აცხადებს ავღანეთის კონფერენციაში მონაწილეობაზე და საკუთარი ბოიკოტის ერთგული რჩება.

ამერიკის ელჩის განცხადებით კონფერენცია შეაჯამებს იმ ცვლილებებს, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განხორციელდა და ამასთან შემდეგი 10 წლის გეგმებს დასახავს. ბატონი კროკერის თქმით თალიბი მთავრობის ჩამოგდების გარდა ავღანეთში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა.

„მე რომ იქ პირველად ჩავედი, სკოლაში მხოლოდ 900 ათასი ბავშვი იყო. დღეს ავღანეთში 8 მილიონზე მეტი ბავშვი დადის სკოლაში. ამასთან მათი 40 პროცენტი გოგონები არიან. გაიზარდა ავღანელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც. ქვეყნის ეკონომიკაც ბევრად უფრო იმედისმომცემად გამოიყურება, ვიდრე მანამდე“.

მომავალი წლები ძირითადად ავღანეთის უსაფრთხოების მშენებლობას უნდა დაეთმოს, აღნიშნავს ელჩი. ბატონი კროკერის თქმით ბონის მეორე კონფერენცია განიხილავს კოალიციის როლს და ქმედებას 2014 წლამდე, როცა მათ ავღანეთის ტერიტორია საბოლოოდ უნდა დატოვონ.

XS
SM
MD
LG