საგარეო პოლიტიკის სფეროში ობამას ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ავღანეთში მძვინვარე კონფლიქტი წარმოადგენს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა შეერთებული შტატების მთავრობის ორ ყოფილ მაღალჩინოსანს ავღანეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაესაუბრა.
ობამას ადმინისტრაციის მიერ ავღანეთის მიმართ სტრატეგიის ახალხან გამოქვეყნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ქვეყნიდან გასვლა მომავალი წლის ივლისში უნდა დაიწყონ. ხოლო თუ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შესაბამისად შეიცვლება, 2014 წლისთვის კოალიციურმა ძალებმა ავღანეთში უსაფრთხოების დამყარებასთან დაკავშირებული ყველა ფუნქცია ავღანეთის სამხედრო ძალებს უნდა გადააბარონ.
სტრატეგიის შეფასების პრეზენტაციის დროს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ავღანეთის სამხედრო ძალების მომზადებაზეა ფოკუსირებული რათა პასუხისმგებლობის გადაბარება დაჩქარდეს.
„ავღანეთის უშიშროების ძალების მომზადება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. საერთაშორისო კოალიციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებიდან წარგზავნილი დამატებითი ინსტრუქტორები დასახული ამოცანების შესრულებას კიდევ უფრო დააჩქარებენ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
მაგრამ შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების თადარიგში გასულ გენერალს ენტონი ზინის მიაჩნია, რომ ავღანელი სამხედროების მომზადება არცთუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს.
„სამხედრო მომზადებას რაც შეეხება, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. პოლიციის მომზადება კი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ვფიქრობ ამ მხრივ უფრო მეტი სახსრების გაღებაა საჭირო. ამას გარდა საჭიროა, რომ გაწვრთნილი პოლიციელების შემდგომი ზედამხედველობა დაწესდეს. ჩემი აზრით, პოლიციელთა რიგებში მომზადების ხარისხი და მოვალეობების შესრულება საკმაოდ პრობლემატურია. აუცილებელია, რომ კორუფცია აღმოიფხვრას და პოლიციელების ურთიერთობა საზოგადოებასთან გაუმჯობესდეს,“ აღნიშნა გენერალმა ზინიმ.
ზინი და სხვები აღნიშნავენ, რომ ავღანეთში გამეფებული კორუფცია დიდ პრობლემას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა ადვილი როდი იქნება.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლორენს იგელბურგერი, რომელიც 1992 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციაში მსახურობდა, ეთანხმება გენერალ ზინის, რომ ავღანეთში კორუფციის აღმოფხვრა უაღრესად რთული იქნება.
„არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. წარსულში ჩვენ ამგვარი მდგომარეობა სხვა ქვეყნებშიც განვიცადეთ. მაგრამ უდავოა, რომ ავღანეთში ამ პრობლემის დაძლევა უაღრესად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ვიმედოვნებ, რომ რადგან ჩვენ იქ 2014 წლამდე დავრჩებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ საკმარისი დრო გვექნება, მაგრამ შევძლებთ თუ არა ამ ამოცანის შესრულებას - ამის გარანტიას მე თქვენ ნამდვილად ვერ მოგცემთ,“ აღნიშნა იგელბურგერმა.
იგელბურგერი ფიქრობს, რომ ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის კორუფციასთან გამკლავება არ ძალუძს. მას აგრეთვე მიაჩნია, რომ კარზაის ქვეყნის მართვა არ შეუძლია და რომ იგი შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი როდია.
ყოფილი გენერალი ზინი კი აღნიშნავს, რომ ავღანეთში წარმატება მისთვის კეთილგონივრული ავღანური მთავრობის ფორმირებასა და ისეთი უშიშროების ძალების შექმნაში ესახება, რომლებიც თალიბ მემაბოხეებს სათანადოდ გაუმკლავდებიან.
„ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა ორგანიზაციებმა როგორიც ალ ყაიდა გახლავთ იქ თავშესაფრის შექმნა ვერ შესძლონ, რომ შეიქმნას ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებს შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილებს. ვფიქრობ ეს არის სწორედ ის რაც ჩვენ უნდა ვინატროთ იქ. მე არ მაქვს არავითარი ილუზიები იმის შესახებ, რომ ჩვენ იქ ჯეფერსონის მოდელზე აგებულ დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას შევქმნით,“ დასძინა ზინიმ.