ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის სამშვიდობო კონფერენციის წინ, ავღანეთში ძალადობა გამწვავდა


კვირას, ავღანეთის მთავრობის ძალებმა და თალიბანმა განაცხადეს, რომ ბოლო თავდასხმების დროს ერთმანეთს მძიმე ზიანი მიაყენეს. აპრილის ბოლოს, დაპირისპირებული მხარეები თურქეთში, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა შეხვდნენ.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე პროვინციაში ჩატარებული ოპერაციების დროს, ეროვნული უსაფრთხოების ძალებმა თითქმის 160 ამბოხებული გაანადგურეს და ათობით დაჭრეს.

ავღანეთის არმის მეთაურებმა ასევე თქვეს, რომ სამხრეთის პროვინცია ყანდაგარში, თალიბანი არღანდაბის რაიონიდან გააძევეს. თალიბანმა ეს ტერიტორია რამდენიმე თვის წინ დაიპყრო.

თავის წილ, თალიბანმა ფაღმანის რაიონში ავღანური ძალების კოლონის წინააღმდეგ მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა. ეს ადგილი დედაქალაქ ქაბულიდან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული.

ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ აფეთქებამ სულ მცირე სამი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათობით მათგანი დაჭრა. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან დაჭრილთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ განახლებული ძალადობა კარგს არ მოასწავებს სამშვიდობო კონფერენციისთვის, რომელიც სტამბოლში უნდა გაიმართოს.

ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობამ დაადასტურა, რომ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას მიღებს.

ავღანელმა ოფიციალურმა პირმა “ამერიკის ხმას” ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ კონფერენცია 16 აპრილს დაიწყება და 10 დღეს გასტანს.

ვაშინგტონი ქაბულზე და თალიბანზე ზეწოლას ახდენს, რომ მომავალ კონფერენციაზე სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმონ. ავღანეთიდან ყველა უცხოური სამხედრო ძალის გამოსვლის საბოლოო ვადად 1 მაისია დათქმული.

ჯარების გამოსვლის საბოლოო ვადა 2020 წლის თებერვალში დადებული შეთანხმების ნაწილია, რომელზეც ხელი შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა მოაწერეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG