ავღანეთს და დაჯფუფება თალიბანს შორის ტყვეთა გაცვლა წარმატებით განხორციელდა. თალიბებმა დღეს გაათავისუფლეს დასავლეთის ორი წარმომადგენელი, რომელიც მათ დიდი ხანია დაკავებული ჰყავდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამხრეთ ზაბულის პროვინციაში გაუშვეს.
გათავისუფლებულები - ამერიკის მოქალაქე კევინ კინგი და ავსტრალიის მოქალაქე ტიმოთი უიქსი - ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ისინი ტერორისტებმა 2016 წელს გაიტაცეს.
სანაცვლოდ, ავღანეთის მთავრობამ რამდენიმე საათით ადრე, თალიბანის სამი მაღალჩინოსანი მეომარი გაუშვა. მათ შორისაა ანას ჰაკანი. მისი უფროსი ძმა იმ ტერორისტული ქსელის ლიდერია, რომელიც მისსავე სახელს ატარებს. ტრიოში თალიბანის კიდევ ორი მაღალჩინოსანია: ჰაჯი მალი-ხანი და ჰაფიზ რაშიდი, რომლებიც ავღანეთის მთავრობამ 2014 წელს დააკავა.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, ტყვეთა გაცვლის გადაწყვეტილების შესახებ, ზუსტად ერთი კვირის წინ გამოაცხადა. სატელევიზიო გამოსვლაში მან თქვა, რომ ეს არი იყო იოლი გადაწყვეტილება. თუმცა, ავღანეთის პრეზიდენტის აზრით, ეს ნაბიჯი ავღანელი ხალხის ინტერესებშია, რადგან ტყვეთა გაცვლა ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებას თალიბანთან.
Facebook Forum