კვირას, 1 აგვისტოს, ქაბულის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი ივლისის ბოლოს სამოქალაქო მოსახლეობაში ნატოს სარაკეტო დარტყმით გამოწვეულ მსხვერპლს აპროტესტებდნენ.
ავღანელები ანტი-ამერიკულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ტრანსპარანტებზე აღბეჭდილი იყო იმ გარდაცვლილი სამოქალაქო პირების ფოტოები, რომლებიც გასული თვის მიწურულს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში ნატოს სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლნენ. დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლისკენ გაეშურნენ.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამერიკელი სამხედროების თავდასხმას უდანაშაულო ავღანელებზე. ისინი აქ თითქოსდა ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით მოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში უდანაშაულო ხალხზე თავდასხმებს აწყობენ,“ ამბობს აქციის მონაწილე აჯაბ ხანი.
პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ავღანეთის სადაზვერვო სამსახურმა დაადგინა, რომ ნატოს რაკეტა ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ სოფელ რიგში აფეთქდა. ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდლობის ცნობით კი ნატოსა და ავღანეთის მთავრობის ერთობლივი გამოძიების შედეგად რაკეტის აფეთქებას სამოქალაქო მოსახლეობაში რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საჰაერო იერიშს სამოქალაქო პირების სიცოცხლე ემსხვერპლა.
საერთაშორისო სამხედრო ძალების საომარი მოქმედებებით გამოწვეული მსხვერპლი პრეზიდენტ კარზაისა და უცხოელ პარტნიორებს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
გაეროს ცნობით, მხოლოდ გასულ წელს ავღანეთში თითქმის 2,500 სამოქალაქო პირი დაიღუპა, რაც 14 პროცენტით აღემატება 2008 წლის მაჩვენებელს. შედეგად 2009 წელი გახდა ყველაზე სისხლიანი მას შემდეგ რაც გაერომ ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის აღირცხვა დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გაეროს განცხადებით სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი უმეტეს წილად თალიბ მეამბოხეთა მოქმედების შედეგს წარმოადგენს.