ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი თალიბანის ლიდერებს შეხვდა


ამერიკასთან დაძაბულობის ფონზე ავღანეთის ლიდერი თალიბანთან დუბაიში სიტუაციის მოწესრიგებას ცდილობს

გავრცელებული ინფორმაციით ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს თალიბანის წარმომადგენელებთან. ეს ინფორმაცია სამშაბათს ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრის მიზეზი გახდა. ამერიკის ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს ავღანეთის ლიდერს ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან ხელშეკრულებას, რომელიც ამერიკელებს ავღანეთში სამხედრო ძალების დატოვების საშუალებას მისცემდა.

სამშაბათს, თეთრ სახლში პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს და სხვა სამხედრო ხელმძღვანელებს შეხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ უნდა ემსჯელათ გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებელი მასალის ირგვლივ, რომლის თანახმად სამიოდ კვირის წინ ჰამიდ კარზაი დუბაიში თალიბანის წარმომადგენლებს ისე შეხვდა, რომ ამის თაობაზე ამერიკელებთან წინასწარი კონსულტაციები არ გაუვლია.

პენტაგონი ამ ინფრომაციას არ ადასტურებს, ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის პრეს მდივანი, არმიის პოლკოვნიკი სტივ ვორენი საუბრობს.

მისი თქმით, დიდი ხნის წინ განაცხადეს იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზა, და არა სამხედრო მიმართულება უნდა იქნას გამოყენებული.და ის ფაქტი რომ ავღანელები ამის შესახებ ერთმანეთთან საუბრობენ, ავღანეთისთვის მშვიდობის და სტაბილურობის მომტანი უნდა იყოს.

სამშაბათს, დახურულ კარს მიღმა, ამ თემაზე შეხვედრა ასევე სენატის სამხედრო კომიტეტშიც გაიმართა.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციის განცხადება, რომ შეერთებული შტატების სამხედროების მისია ავღანეთში წლის ბოლოსთვის დასრულდება, როგორც ჩანს კარზაისთვის ფაქტორს წარმოადგენს რომ თალიბანთან დაიწყოს მოლაპარაკებები. მაკეინი დასძენს, რომ მას უთხრეს, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარების სრულად გამოყვანას 2017 წლისთვის ცდილობს, ანუ იმ დრომდე ვიდრე ობამა თეთრ სახლში რჩება.

მისი განცხადებით, პრეზიდენტი კარზაი პარანოიდი და არრაციონალურია, თუმცა ბევრი პარანოიით შეპყრობილი ადამიანის მსგავსად, მას ამის საფუძველიც აქვს. და როდესაც ის წაიკითხავს, რომ შეერთებული შტატები აპირებს ჯარები ავღანეთიდან სრულად 2017 წლისთვის გამოიყვანოს, ის იწყებს ისეთი ტიპის შეთანხმებებს, როგორიცაა თალიბანთან მოლაპარაკება. რაც სრულიად გასაგებია.

თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას 2014 წლის ბოლოს ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ის აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მანამდე, ვიდრე ავღანეთის ლიდერი ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს.

მისი თქმით, რაც დრო გადის უფრო მნიშვნელოვანი ხდება რომ ავღანეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწეროს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომლის შემდეგ ნატო და შეერთებული შტატები დაგეგმავენ 2014 წლის შემდგომი მისიას. ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე 2014 წლის შემდეგ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში ვეღარ დარჩებიან.

შეერთებულმა შტატებმა კარზაის მოუწოდა მალე მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას, რათა ნატოს ჰქონდეს დრო იმისათვის რომ საომარი მდგომარეობიდან სხვა მოქმედების ეტაპზე გადავიდეს.

შეერთებული შტატების და ავღანეთის ურთიერთობა ბოლო თვეებში დაიძაბა. ნოემბერში პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელს მხოლოდ 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევენების ჩატარების შემდეგ მოაწერს.

სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა კარლ ლევინმა განაცხადა რომ ის იმით უფრო არის დაინტერესებული მოაწერს თუ არა ამ შეთანხმებას ხელს ავღანეთის ახალი პრეზიდენტი.

მისი რჩევაა რომ კარზაის არ დაეყრდნონ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხში რადგან ცხადია, რომ მას ის არ მოაწერს ხელს. თუმცა არც არის აუცილებელი, რომ კარზაიმ მოაწეროს ხელი, რადგან მომავალი პრეზიდენტი კარზაიზე ბევრად სანდო იქნება ამ და სხვა საკითხებშიც.

ავღანეთის პრეზიდენტმა ასევე ციხიდან გაათავისუფლა თალიბანის სამხედრო პირები და შეერთებული შტატები ომის დანაშაულებებში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG