ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოსკარის“ ნომინაციები გამოცხადდა


„ამერიკული თაღლითობა“ და „გრავიტაცია“, 10-10 ნომინაციით, სიის სათავეში მოექცნენ. 9 ნომინაცია აქვს ფილმს „თორმეტი წელი მონობაში“


რამდენიმე საათის წინ წლევანდელი „ოსკარის“ ნომინანტების სია გამოცხადდა. ამერიკული კინოაკადემიის რჩეული ფილმებიდან ორი კინოთეატრების ბლოკბასტერი გახლავთ. ესენია: „ამერიკული თაღლითობა“ და „გრავიტაცია“, რომლებიც 10-10 ნომინაციით სიის სათავეში მოექცნენ. „თორმეტი წელი მონობაში“ 9 ნომინაციით მეორე ადგილზე გადის. მოულოდნელ სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს ფილმ „ნებრასკას“ დაწინაურება, რომელსაც კინოაკადემიამ 6 ნომინაცია მიანიჭა.

„ოსკარების“ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სანახაობას წარმოადგენს. 86-ე ცერემონიალი 2 მარტს გაიმართება. ტელეკომპანია „ეი-ბი-სით“ ტრანსლირებულ შოუს ცნობილი ტელეწამყვანი, ელენ დეჯენერასი გაუძღვება.

სამივე წამყვანი ფილმის -„ამერიკული თაღლითობა“, „გრავიტაცია“ და „თორმეტი წელი მონობაში“- რეჟისორებიც „ოსკარის“ ნომინანტები არიან. წამყვან მსახიობებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, დასახელდნენ: ლეონარდო დიკაპრიო, კრისტიან ბეილი, მეთიუ მაკონაჰი, კეიტ ბლანშეტი, მერილ სტრიპი, სანდრა ბალოკი, ჯუდი დენჩი და სხვები. პროგნოზების მიუხედავად, მათ შორის ვერ მოხვდა ტომ ჰენქსი, რომელიც მთავარ როლს „კაპიტან ფილიპსში“ ასრულებს. კრიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ წლევანდელი წელიწადი სამსახიობო შესრულების მრავალი უბადლო ნიმუშით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ ბევრი მსახიობი, წარმატებული ნაშრომის მიუხედავად, საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა.
XS
SM
MD
LG