ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორდერიზაციის ახალი ეპიზოდი


რუსი მესაზღვრეები გუგუტიანთკარს ღობავენ. 2019 წლის 8 აგვისტო

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ 18 მაისს, დილით გამოაქვეყნა ცნობა იმის თაობაზე, რომ ცალმხრივად ღობავს ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ტერიტორიას. საუბარია 700 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც ოკუპირებული სოფლის, ხელჩუას მიმდებარედაა.

ეგრეთ წოდებული საზღვრის მოწყობის შესახებ მოსალოდნელი სამუშაოების თაობაზე დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ერგნეთში გამართული შეხვედრის დროსაც რამდენჯერმე გააჟღერა. ისინი ამბობდნენ, რომ რაკი ქართული მხარე არ თანამშრობლობს დელიმიტაციისა და დემარკაციის მიმართულებით, ეგრეთ წოდებულ საზღვართან, ამ საქმიანობის წარმართვას ცალმხრივად განახორციელებდნენ. ქართულ მხარეს არ დაუზუსტებია, რომელ მონაკვეთებს გულისხმობდა ოსური მხარე.

სამუშაოები, რომელიც ამჟამად დაიწყო ქართული სოფლების, ზარდიანთკარის, გუგუტიანთკარის, მერეთის მიმართულებითაა. ეს ადგილები შეღობილია. ორი წლის წინ, ზარდიანთკარში, გენადი ბესტაევის სახლთან გაავლეს მავთულხლართი. გენადი ბესტაევი კი მეხუთედ დააკავეს. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, ზარდიაანთკარის მცხოვრები კომატოზურ მდგომარეობაში გამოგზავნეს ქართული მხარის კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. მისი სახლი ზარდიანთკარში დღემდე დაკეტილია, ჭიშკარს ბოქლომი ადევს. გენადი ბესტაევის დას, რომელიც მერეთში ცხოვრობს ძმის სახლის გასაღები აქვს, მაგრამ იქ მისვლის უფლება - არა. რუსი მესაზღვრეები ამ ადგილებზე უკვე აღარავის უშვებენ. დამატებითი ბორდერიზაციის შედეგად, ბესტაევის სახლი, ფაქტობრივად, ოკუპირებული აღმოჩნდა, სახლის პატრონი კი დაღუპული.

გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის სამუშაოები რუსმა მესაზღვრეებმა 2019 წლის აგვისტოში დაიწყეს და დამატებითი ტერიტორია მოიჭრეს. სამ ადგილობრივ ოჯახს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა. მავთულხლართები გუგუტიანთკარში მანამდეც იყო, თუმცა 2019 წლის აგვისტოში „კორექცია“ მოახდინეს და დამატებითი ფართობი მიისაკუთრეს.

ამჟამინდელი ბორდერიზაცია სწორედ ამ მიდამოების სიახლოვეს მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები “ამერიკის ხმასთან” აცხადებენ, ამჯერად, რუსები იმ მონაკვეთებს ღობავენ, რომელიც ღიად, ანუ, შეუღობავად იყო დარჩენილი.

ვერტმფრენი ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:26 0:00

„მოცემული მომენტისთვის სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით, 700 მეტრ სიგრძის მონაკვეთზე, ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მიდამოებში. უნდა აღინიშნოს, რომ ნახსენები საქმიანობა ხორციელდება მკაცრად, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონის შესაბამისად, ასევე საერთაშორისოდ მიღებული ნორმების თანახმად. მათი მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ასევე უკანონო გადაადგილებების ლოკალიზება სახელმწიფო საზღვართან და მის მიმდებარედ. მოცემული ასპექტების გათვალისწინებით, დესტრუქციულად ვთვლით ცალკეული პირების ქმედებებს, რომელთა ინტერესია შექმნან კონტრაბანდული და სხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო. ისინი აფერხებენ რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების მუშაობას“,- ნათქვამია დე-ფაქტო ცხინვალის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

ოკუპირებული და გადამწვარი დისევი. ხედი გუგუტიანთკარიდან
ოკუპირებული და გადამწვარი დისევი. ხედი გუგუტიანთკარიდან

დე-ფაქტო უშიშროება ადგილობრივებსა და სამხრეთ ოსეთის სტუმრებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდნონ უსაფრთხოების ინტერესების რეალიზებას. ადგილობრივ ადმინისტრაციებს კი სთხოვს, დაეხმარონ იმ მოქალაქეების ინფორმირებაში, ვინც ეგრეთ წოდებული საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ოსური მხარე, სავარაუდოდ, სიგარეტის კონტრაბანდას ებრძვის, თუმცა მათთვის მსგავსი ტრაფიკების თაობაზე უცნობია. ამჯერად სამუშაოები იმ ტერიტორიაზე ხორციელდება, რომელსაც მანამდეც ოსური მხარე აკონტროლებდა.

საპოლიციო პოსტი, რომელიც ზარდიანთკარისა და გუგუტიანთკარის მიმართულებითაა განთავსებული იმ ადგილასაა, რომლისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. ჟურნალისტებს პოლიცია სოფლებისკენ მიმავალ გზას უბლოკავს. ამდენად, საკუთარი თვალით იმის ხილვა, თუ რა ხდება ადგილზე და უფრო დაზუსტებით თქმა იმისა, თუ სად და რა ფართობი იღობება, შეუძლებელია. ადგილობრივ მოქალაქეებთან კონტაქტიც ტელეფონითაა შესაძლებელი ან ისე, თუ ვინმე პოლიციის პოსტთან თავად მოვა.

18 მაისს ზარდიანთკარისა და გუგუტიანთკარის მიმართულებით მისულმა ჟურნალისტებმა, პოლიციის პოსტთან თავად დააფიქსირეს ვერტმფრენი, რომელიც ოკუპირებული სოფლების მიმდებარედ დაფრინავდა. მთავარის ჟურნალისტი, გიორგი ახალკაცი “ამერიკის ხმასთან”ადასტურებს, რომ მისმა ოპერატორმა, ისევე, როგორც ტვ „პირველის“ გადამღებმა ჯგუფმა საკუთარი თვალით იხილეს და კამერითაც დააფიქსირეს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მფრინავი ვერტმფრენი 13:45 წუთზე. მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა და არა რუსული, რის თაობაზეც ეჭვობდნენ ადგილობრივები და თვითმხილველი ჟურნალისტები.

გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ. აღნიშნული მი-24 და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში გელათი 2022, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსი მესაზღვრე გუგუტიანთკარში მავთულხლართის გაბმისას. 2019 8 აგვისტო
რუსი მესაზღვრე გუგუტიანთკარში მავთულხლართის გაბმისას. 2019 8 აგვისტო

ჟურნალისტებს დამატებით, კითხვების დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა შინაგან ან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან არ მისცემიათ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მფრინავი ვერტმფრენი შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებულ გამყოფი ხაზის სიახლოვეს.

საგულისხმოა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ამ დრომდე ცნობილი ინფორმაციით, მხოლოდ საქართველოს საპოლიციო ძალებს აქვთ გადაადგილების უფლება და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში მყოფ დანაყოფებსა თუ ტექნიკას. ჟურნალისტების კამერით დაფიქსირებული ვერტმფრენის თაობაზე თავდაცვის სამინისტრომ ისეთი ფაქტი დაადასტურა, რომლის მსგავსი აქამდე არ გაცხადებულა. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებით, სამინისტრომ პირიქით, ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ და საზოგადოება არ დაძაბონ.

XS
SM
MD
LG