ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეციხოვნეები ხურვალეთიდან


მავთულხლართებს მიღმა გადამწვარი დისევია. ხედი გუგუტიანთკარიდან
მავთულხლართებს მიღმა გადამწვარი დისევია. ხედი გუგუტიანთკარიდან

ახალი წლის მოსვლას და 2020-ის ჩანაცვლებას 2021-ით, პრობლემები არ მოუგვარებია ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის. უფრო მეტიც, უმეტესი მათგანი სადღესასწაულო და დასვენების დღეების სწრაფად გასვლას ნატრობს იმ მიზნით, რომ მათ მიმართ ყურადღების მიპყრობის ჯერი დადგეს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ვანიშვნლების ოჯახი მავთულხლართებით გაღობილი ხურვალეთიდან.

დათა ვანიშვნილის ოჯახმა, ვისაც წლების მანძილზე არაერთი უცხოელი და ადგილობრივი პოლიტიკოსი სტუმრობდა, ახლა ამოუხსნელი ამოცანა უნდა ამოხსნას. ისინი ამ დრომდე მარტონი დგანან საოკუპაციო მანქანის პირისპირ, საქართველოს მოქალაქეებს კი უბრალოდ, მაყურებლის ფუნქცია დარჩათ: უნდა დაინახონ და დააფიქსირონ, რა მოხდება ვანიშვნილების ოჯახის მიმართ.

რუსული სათვალთვალო ჯიხური ხურვალეთში, ვანიშვნილების კუთვნილ მიწის ნაკვეთთან
რუსული სათვალთვალო ჯიხური ხურვალეთში, ვანიშვნილების კუთვნილ მიწის ნაკვეთთან

„მაშ, გამოსავალი არ გვაქვს?“; „გამოდის, რომ გამოსავალი არ ყოფილა?“ - ასეთია პოლიტიკოსების და არა მხოლოდ პოლიტიკოსების რეაქცია ვანიშვნილების ოჯახის მდგომარეობის გაცნობის შემდგომ. თავად მდგომარეობა კი ასეთი გახლავთ:

დათა ვანიშვნილის სახლი ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მავთულხლართებს მიღმა, რომელმაც სოფელი ხურვალეთი შუაზე გაჰყო, მხოლოდ ვანიშვნილების კუთვნილი უძრავი ქონება არ დარჩენილა, თუმცა მათი ოჯახი ერთადერთია, ვინც მიწა-წყლის დატოვებაზე უარი არ თქვა. ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან რამდენიმე ოჯახი 2008 წლის შემდგომ გადმოვიდა და დევნილის სტატუსიც მიიღო, მაგრამ მსგავსი პერსპექტივა დათა ვანიშვნილისთვის მიუღებელია.

სწორედ იმ პრინციპულობის გამო, რომლის ერთგულებითაც დათა ვანიშვნილმა სახლ-კარი არ მიატოვა, ის „ცნობად“ სახედ იქცა. ვანიშვნილებთან სტუმრობისას, უფრო სწორად, მათ მოსანახულებლად მავთულხართებთან მისვლისას, ოჯახის წევრებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მათდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის. „მარგველაშვილი ჩვენთან ხშირად მოდიოდა, სურსათ-სანოვაგე კალათებით მოჰქონდა, ახლაც მიწყვია ეს კალათები სარდაფში, ხელის ტრაქტორიც გვაჩუქა,“- გვეუბნება ვალია ვანიშვნილი, დათა ვანიშვნილის მეუღლე. ახლა კი ვითარება შეიცვალა.

უფრო მეტიც, ჟურნალისტები ხურვალეთში, მავთულხლართთან მიახლოვების მოთხოვნისას უარს უფრო იღებენ, შესაბამისი სამსახურებისგან, ვიდრე თანხმობას. ამის რეალური მიზეზის ახსნისთვის თავს არავინ იწუხებს. არსებობს მხოლოდ ტრივიალური პასუხი იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში საფრთხის მომეტებული რისკია. მავთულხლართთან მიახლოვების აკრძალვით კი ჟურნალისტებს იცავენ. ეს მიზეზი ლეგიტიმური იქნებოდა, რომ არა ადგილობრივად მცხოვრები მოსახლეობის ფაქტორი. გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები საშიშ ზონაში ცხოვრობენ, რომლის ასახვა მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა საფრთხე.

ვალია ვანიშვნილი, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვნილის მეუღლე
ვალია ვანიშვნილი, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვნილის მეუღლე

დათა ვანიშვნილი ახლა 88 წლისაა და ის ავადაა. ვალია ვანიშვნილი, მისი მეუღლე, “ამერიკის ხმასთან” აცხადებს, რომ მოხუცმა ბოლო დროს საკვების მიღება დაიწყო და მხოლოდ ოთახში ახერხებს გადაადგილებას. ოჯახი განსაკუთრებით ემადლიერება წინაგარელ ექიმს, რომელიც ხშირად აკითხავს დათა ვანიშვნილს სახლში, თუმცა არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა პრობლემა ვანიშვნილებისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში, თავად მოხუცი რამდენჯერმე წაიყვანეს ცხინვალის ციხეში, სადაც იგივეს ამბობდა. რაკი მიხვდნენ, რომ მის დაკავებას ეფექტი არ მოჰქონდა და მოხუცს ვერაფერს გადაადთქმევინებდნენ, ზეწოლა მისი ოჯახის წევრებზე სცადეს. სხვადასხვა დროს, დათა ვანიშვნილის ოჯახის თითქმის ყველა წევრი რამდენჯერმე მოხვდა ცხინვალის ციხეში.

დათა ვანიშვილი, რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ხურვალეთში
დათა ვანიშვილი, რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ხურვალეთში

მალხაზ ვანიშვნილისა და მისი მეუღლის, თათია ადიკაშვილის დაკავების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებამ “ამერიკის ხმისგან” მიიღო 2020 წლის აპრილში. 2020 წლის ბოლოს მალხაზ ვანიშვნილი და მისი მეუღლე კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პატიმრობაში. ამ დროისთვის თათია ადიკაშვილი რვა თვის ფეხმძიმე გახლდათ.

2020 წლის დეკემბერში დე-ფაქტო ადმინისტრაციამ მალხაზ ვანიშვნილი საპყრობილიდან გამოუშვა, სამაგიეროდ შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას გადაადგილების უფლება არ აქვს და ვალდებულია ყოველკვირეულად, ცხინვალში, შესაბამის დაწესებულებაში გამოცხადდეს, სადაც დაფიქსირდება. ამას ისიც ემატება, რომ რუსი მესაზღვრეები, ვისაც სათვალთვალო ჯიხური დათა ვანიშვნილის სახლთან აქვთ მოწყობილი, დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან დათა ვანიშვნილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლშიც კი, სადაც ყოველდღიუად ამოწმებენ მდგომარეობას.

ასე გამოიყურება ოკუპაციის ხაზი სოფელ დიცთან. საქართველო
ასე გამოიყურება ოკუპაციის ხაზი სოფელ დიცთან. საქართველო

ვანიშვნილების ოჯახის ამოუხსნელი ამოცანა კი ასეთია: რა უნდა ქნას მალხაზ ვანიშვნილმა იმისთვის, რომ იცხოვროს ცოლთან (იანვრის ბოლოდან კი შვილთან ერთადაც), თუ მას უკრძალავენ საქართველოს კონტროლირებულ მხარეს გადმოსვლას? ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მალხაზ ვანიშვნილი (ქურთაევი) „გადმოიპარება“ ხურვალეთში ცოლთან (ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში მას სახლი არ აქვს. მისი ერთადერთი საცხორებელი პაპისეული სახლია), ის ვეღარ დაბრუნდება ბებიისა და პაპის სახლში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერენ და რამდენიმე წლით ცხინვალის ციხეში გამოკეტავენ. არადა, მალხაზის ყოფნა გადაუდებლად საჭიროა ბებიასთან და ავადმყოფ პაპასთანაც, რადგან ისაა ერთადერთი, ვისაც მოხუცებზე ზრუნვა შეუძლია.

ადგილი ხურვალეთში, საიდანაც გაიტაცეს მაია ოთინაშვილი
ადგილი ხურვალეთში, საიდანაც გაიტაცეს მაია ოთინაშვილი

მესამე გზა ვანიშვნილების მასობრივი გადმობარგებაა საქართველოს კონტროლირებულ მხარეს (სადაც მათ სახლი არ აქვთ). ამ გზის არჩევა, თითქოს, გადაჭრიდა მალხაზ ვანიშვნილის თავსატეხს. მას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისგან ექნებოდა სათხოვარი თავშესაფარი და საარსებო წყარო. თუმცა ამ გზის არჩევა მას არ შეუძლია, რადგან დათა ვანიშვნლსა და მის მეუღლეს უკანასკნელი ათი წელი სრულ კოშმარში იმისთვის არ გაუტარებიათ, რომ სახლი მიეტოვებინათ. საქართველოს კონტროლირებულ მხარეს გადმოსვლა ნიშნავს, რომ დათა პაპა ოკუპაციას შეეგუა და ხურვალეთი არაქართულ მიწად აღიარა.

ვალია ვანიშვნილს როდესაც ვეკითხებით, თუ რა უნდათ რუსებს მათგან, პასუხზე ფიქრი არ სჭირდება: „ჩვენ რომ აქედან გაგვყარონ, შვილო, ეს უნდათ რუსებს“. დათა პაპასა და მისი მეუღლისთვის მშობლიური სახლი ბევრს ნიშნავს. „აქეთ გვყავს ყველა დაკრძალული: შვილი, დათას მამა“... ახლობლების ჩამონათვალი არაა მოკლე. მოხუცების მეციხოვნეებად დგომა მალხაზის პრობლემებს ვერ აგვარებს. თუმცა ვინ აგვარებს მათ? - ეს კი ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ ამოცანას ამოხსნიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG