ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება აფხაზეთში დაძაბული რჩება


აფხაზეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო რუსეთთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მიღებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, ის სრულყოფილი ხელშეკრულების გაფორმებას და აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში და საბაჟო კავშირში გაერთიანებას ითხოვს. ჯგუფი სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორია და აფხაზეთის ოპოზიციურ პარტიებს და მოძრაობებს აერთიანებს. ოპოზიცია ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციას აკონტროლებს და მის გადადგომას ითხოვს. აფხაზეთში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, რომელიც ოფიციალური ვერსიით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შუამავლის როლს ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო. საგარეო უწყების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოვლენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ეხმაურება. მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს სამხედრო და პოლიტიკურ ანექსიას. თუმცა, საქართველო ამ პრობლემის დარეგულირებას მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკების გზით გეგმავს.

ამერიკელი ექსპერტის, მაიკლ ჩეჩირეს შეფასებით, აფხაზეთის ოპოზიცია ძირითადად ეკონომიკური მდგომარეობით არის უკმაყოფილო, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ აფხაზეთის ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის ლიბერალური დამოკიდებულებაა. პოლ გობლი, ამერიკელი ექსპერტი პარალელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან ავლებს და აცხადებს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში „ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი“ ახლა აფხაზეთში გადავიდა და არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიური ვითარება ნებისმიერ სხვა რეგიონში შეიქმნას.
XS
SM
MD
LG