ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა სოხუმის მოვლენებზე საუბრობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ოფიციალური თბილისი სოხუმში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს. ზალკალიანის განცხადების მიხედვით, მას აქტიური ურთიერთობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს სპეციალურ წარმომადგენლს, თანათავმჯდომარე -ანტი ტურუნენს- შეხვდა, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდა და ზალკალიანს მიმიდინარე პროცესების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

"გარდა ამისა, მქონდა სატელეფონო საუბარი კიდევ ერთ თანათავმჯდომარესთან, ეუთო- მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან ანჯელო გნედინგერთან. ასევე შედგა კომუნიკაცია ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი მისიის მეშვეობით. ისინი დეტალურად იქნენ ჩაყენებული საქმის კურსში იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა სოხუმში.

არ შეიძლება ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს ის მოწოდებები, რომელიც იქ გაისმის, კერძოდ, ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით .. პასპორტიზაციის საკითხი, რომელიც იქ გარკვეული ძალების მხრიდან არის გამოყენებული თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთაშორო თანამეგობრობას მოვუწოდეთ, რომ ისინი იყვნენ აქტიურად ჩართული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. მათი მხრიდან არის სრული გაგება და სერიოზული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათი აქტიური ჩართვა" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თავად აფხაზეთში, ადგილობრივი და რუსული საინფორმაციო წყაროები, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ შექმნილი ვითარების გამო სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე რაშიდ ნურგალიევი ჩავლენ.

ოკუპირებულ აფზაზეთში მეორე დღეა ოპოზიციასა და თვითგამოცხადებულ მთავრობას შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. დღეს ეგრეთწოდებული პარლამენტის საგანგებო სესია გაიმართა, რომლის მიზანიც ვითარებიდან გამოსვლის გზების შემუშავება იყო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთი დატოვა, თუმცა გუშინ გვიან ღამით მან აფხაზეთის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ არსად წასულა და დასძინა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით: „მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვიმყოფები. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილავთ სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტს. მოქალაქეების დიდი ჯგუფი, მათ შორის, შეიარაღებული პირები, მოვიდნენ აფხაზეთის ტელევიზიაში და ფაქტობრივად, ძალით დაიკავეს ის. ჩვენ ვეძებთ შანსს, ვითარება სამართლებრივ ჩარჩოში დავაბრუნოთ.“

დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. მისივე თქმით, აფხაზეთის, ეგრეთწოდებული, ძალოვანი სტრუქტურები „დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის“ გვერდით დგანან.

დე ფაქტო მთავრობის მოწინააღმდეგეები რამდენიმე თვეა მოთხოვნებს უყენებენ მთავრობას. მოთხოვნებს შორისაა რუსეთთან უფრო აქტიური ურთიერთობის დამყარება, ეთნიკურ ქართველებზე ორმაგი მოქალაქეობის გაცემის აკრზალვა, ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული შეთანხმება და უმუშევრობის დაძლევა. ეგრეთწოდებული, აფხაზური ოპოზიცია ახლა უკვე დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვს.
XS
SM
MD
LG