ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეთანხმება შვიდწლიანი შეუთანხმებლობით


შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ ექვსი საბაჟო პუნქტის გაკონტოლებას გულისხმობს საქართველო–რუსეთს შორის. ესაა ლარსის გამშვები პუნქტი ორივე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარეს, აფხაზეთის მიმართულებით ფსოუ და ზუგდიდი/რუხი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით როკი და სავარაუდოდ ერგნეთი.

საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმება ტვირთბრუნვის გაკონტროლების თაობაზე 2011 წელს გაფორმდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს მოაწერა ხელი რუსულმა მხარემ ხელშეკრულებას შვეიცარიული კომპანია SGS–თან. კონკრეტულად დოკუმენტის შინაარსი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია, თუმცა გარკვეული შიშები იმის თაობაზე, რომ რუსული ინტერპრეტაცია, შესაძლოა განსხვავებული და ქართული მხარისთვის სიურპრიზებით სავსე იყოს, რჩება.

საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის დიალოგი დღეს სწორედ ამ ხელშეკრულებას უკავშირდებოდა.

ზურაბ აბაშიძე ამბობს: „უახლოეს მომავალში გვექნება კონტაქტები შვეიცარიელ კოლეგებთან და ყველა კონკრეტულ საკითხს გავივლით ერთობლივად“.

გრიგორი კარასინი ჟურნალისტებთან კომენტირებისას აცხადებს: „ვიცი, რომ 7 ივნისს ჩვენს ექსპერტებთან შესახვედრად მოსკოვში შვეიცარიის საგარეო საქმეთა მდივანი ჩავა და განიხილავენ შემდგომ სამოქმედო გეგმებს. საჭიროა სამმხრივი კომისიის შექმნა, რომელიც ამ საკითხებით დაკავდება. განიხილება კონკრეტული თემები: როგორ გაკონტროლდება სავაჭრო ნაკადები რუსეთსა და საქართველოს შორის, როგორ იქნება ორგანიზებული ეს პუნქტები და ასე შემდეგ. ეს სერიოზული სამუშაოა და სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფორმალობა დაცულია, ახლა საჭიროა მოქმედება“.

ამერიკის ხმა ევროპული საქართველოს წარმომადგენელს სერგი კაპანაძეს ესაუბრა. ვინაიდან ის ხელშეკრულებას ზედმიწევნით დეტალურად იცნობს, ვკითხეთ იმის თაობაზე, რამდენად იძლევა თავად დოკუმენტი ინტერპრეტირების შესაძლებლობას. სერგი კაპანაძე აცხადებს: „ეს ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის. იმის გამო, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის არსებობს სამი სახმელეთო გადასასვლელი: ლარსი, აფხაზეთი და ცხინვალი, ამ ხელშეკრულებამ მოიცვა სამივე. სხვათა შორის, ამის დაფიქსირებით აღიარა, გარკვეულწილად, რუსეთმა ჩვენი საბაჟო სივრცის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა, რადგან სამივე გადასასვლელზე ვრცელდება ეს და არა მარტო სავაჭრო ურთიერთობებზე ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ. ჩვენთვის რაცაა მნიშვნელოვანი კონკრეტულად, პოლიტიკური ნიშნით, გახლავთ ის, რომ გვექნება ინფორმაცია სავაჭრო ბრუნვის თაობაზე, რაც რუსეთს აქვს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან(ესაა ვაჭრობა, რომელიც იწყება და მთავრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუ ესაა ოკუპირებული ტერიტორიების გვლით). ასევე, ეს ყველაფერი მოექცევა კონტროლის ქვეშ.“

იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია ტვირთების კონტროლის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის და არაფერია ნათქვამი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რამდენად არის იმის საფრთხე, რომ რუსეთმა დოკუმენტი მის სასარგებლოდ გამოიყენოს? მით უმეტეს, რომ შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთის ფედერაციას უკვე ჰქონდა აღიარებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. ამ კითხვას სერგი კაპანაძე ასე პასუხობს: „ლარსის შემთხვევაში, შემოწმება სიმბოლური ხასიათის მატარებელი იქნება, აბსოლუტურად. რეალურად, სადაც ეს ინსტრუმენტი გამოსადეგი და საინტერესოა, ოკუპირებული ტერიტორიებია. ჩვენს წინააღმდეგ ამ დოკუმენტის გამოყენება ფიზიკურად და იურიდიულად შეუძლებელია. საფრთხე იმაშია, რომ ჩვენ ეს დოკუმენტი აქამდე არ გამოვიყენეთ რუსეთის წინააღმდეგ.“

2011 წლის შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით არსებულ რისკებზე GFSIS ის დოკუმენტშიცაა საუბარი, სადაც ნათქვამია: „შეთანხმებაში მოცემული კოორდინატების თანახმად, როგორც აფხაზეთთან, ისე ცხინვალის რეგიონთან SGS-ის მონიტორინგის პუნქტები განთავსდება არა უშუალოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, არამედ საზღვრიდან მოშორებით, რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ცხადია, რომ რუსეთი იმთავითვე არ აპირებდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გაგზავნილი ტვირთების ამ პუნქტებში გატარებას.

მოსკოვის არგუმენტი ძალიან მარტივი იქნება. შეთანხმება საქართველო-რუსეთს შორის არის გაფორმებული მაშინ, როდესაც მოსკოვს უკვე აღიარებული ჰქონდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად. იმას, რომ 2011 წლის შეთანხმება არ ეხებოდა აფხაზეთსა და ოსეთში რუსული ტვირთების ტრანსპორტირებას, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ყველა პირი იმთავითვე აღნიშნავდა საჯარო გამოსვლებში.“

ამ ეტაპზე რუსეთის მიერ შვეიცარულ კომპანიასთან ხელმოწერილი ტექსტის შინაარსი ცნობილი არაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG