ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„არ იყო ცუდი შეხვედრა“


ჟენევაში ზურაბ აბაშიძეს და გრიგორი კარასინს შორის პირველი არაფორმალური საუბარი გაიმართა

14 დეკემბერს ჟენევის გარეუბანში ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. ეს იყო საქართველოს ახალი ხელისუფლების ოფიციალურ პირთა პირველი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც, აბაშიძის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დავალებით განხორციელდა.

მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება. "პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე, არ იყო ცუდი შეხვედრა" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ინტერპრესნიუზთან გაკეთებულ კომენტარში. მისი თქმით, დასაწყისისთვის მომავალი შეხვედრების თემად განისაზღვრა სავაჭრო, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობის სფერო, ასევე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის საკითხი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიგორი კარასინი ჟენევის შეხვედრის შესახებ მხოლოდ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა: „შევთანხმდით, რომ დიალოგი ამავე ფორმატით გაგრძელდება და მას რეგულარული ხასიათი ექნება“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრამ „საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში“ ჩაიარა.

საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა ჩიხშია მოქცეული და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG