ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის მმართველობის ერთი წელი ავღანეთში


ავღანელი გოგოები რელიგიურ სკოლაში. ქაბული, ავღანეთი, 11 აგვისტო, 2022 წ.

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გავიდა და ქვეყნის მართვა ხელში თალიბანმა აიღო, ერთი წელი გავიდა. ავღანეთში ისლამისტური დაჯგუფების მმართველობას დაემთხვა კოვიდ-19-ის პანდემია და გვალვები, რამაც ქვეყნის ეკონომიკა და მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა ძლიერ შეარყია.

2020-2021 წლებში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი აშრაფ ღანის მთავრობის ჩამოშლამდე, ავღანეთის $5.5-მილიარდიანი ბიუჯეტის 75% უცხოეთის დახმარების ხარჯზე ივსებოდა. ამერიკის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ავღანეთის მთავრობას დახმარება შეუწყდა.

ვაშინგტონმა ქაბულის ცენტრალური ბანკის 7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები გაყინა. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ახალ ხელისუფლებას თანხებზე წვდომა იმ პირობით აღუთქვა, თუკი ის დაიცავდა ქალთა უფლებებს და მთავრობა ინკლუზიური იქნებოდა. აღნიშნული პირობები ჯერჯერობით არ სრულდება.

მართალია, ისლამისტების ჯგუფის განათლების მინისტრი დაპირდა მოსახლეობას, რომ გოგონების განათლება 7-12 კლასის ჩათვლით უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით პირობა არ შეასრულა. 2022 წლის 23 მარტს მთავრობამ გამოაცხადა, რომ დამატებითი დრო ესაჭიროება კლასების გენდერული ნიშნით გამოცალკევების დასაგეგმად. გოგონები ამ დრომდე სკოლის მიღმა რჩებიან და სწავლის გაგრძელებას ელოდებიან. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ბიჭების სკოლები პრეზიდენტ ღანის მთავრობის დაცემისთანავე აღდგა. ​

ქვეყანის მასშტაბით უკიდურესი გაჭირვებაა. 2020 წლის აპრილის მონაცემებთან შედარებით, იმ ავღანელთა რიცხვი, ვინც საკვების მწვავე ნაკლებობას განიცდის, თითქმის გაორმაგდა და 20 მილიონს მიაღწია. ეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ რიგით ავღანელებს სურსათის უსაფრთხოებით და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ტანჯვა შეუმსუბუქონ. გაეროს ცნობით, დონორებმა ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2021 წელს $1.67 მილიარდი გაიღეს. აქედან ყველაზე დიდი თანხა ამერიკის დახმარებაზე მოდის - $425 მილიონი. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით $308 მილიონს გამოყოფს.

თალიბანმა ასე თუ ისე, ახალ რეალობასთან ადაპტირება შეძლო და 2021 წლის დეკემბრიდან ივნისამდე პერიოდში $840 მილიონის მოზიდვა მოახერხა. აქედან უმეტესი ნაწილი, 56% საბაჟო გადასახადებზე მოდიოდა, ასევე პაკისტანში ქვანახშირის და ხილის ექსპორტის ხარჯზე.

ჟურნალ "ეკონომისტში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, რომელიც ავღანეთის ეკონომიკურ მონაცემებს აჯამებს, თალიბანმა მიმდინარე ფისკალური წლისთვის ბიუჯეტის $2.6 მილიარდამდე გაზრდა შეძლო. ავტორი დევიდ მენსფილდი ავღანეთის ეკონომიკას 25 წელია სწავლობს. ის ამბობს, რომ თალიბანი წლიურად $27.5- $35 მილიონს ნარკოტიკებით ვაჭრობის გადასახადებიდან იღებს. $245 მილიონს - გზებზე განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG