ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინამდვილეში როგორია აფხაზეთი, ადგილი, რომლის შესახებ მეოთხედ საუკუნეზე მეტია მხოლოდ ამბებს ვისმენთ, ფოტოებს ვათვალიერებთ, თუ გაგვიმართლა და ახლებს წავაწყდით და თუ არადა ძველებს და სად შეღწევასაც მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, ყოვლად კონსპირაციულ ვითარებაში მოპოვებული „სპეციალური საბუთებით“.

„აფხაზეთი სრულიად მწვანეა, მწვანეს ყველა ფერით“, – გვეუბნება ანუნა ბუკია, რეჟისორი, ვინც სოხუმს კიდევ ერთხელ ესტუმრა და ვინც გადაიღო ფილმი „მე გადავცურე ენგური.“ მისი ახალი შთაბეჭდილებები საკმაოდ მძაფრია. ანუნა ბუკია 4 წლის ასაკში იქცა დევნილად. სოხუმში, მის სახლში ახლა სხვა ოჯახი ცხოვრობს. ვისაც ნანახი აქვს მისი ფილმი, ეხსომება კადრი, როდესაც იგი ავტომანქანაში იმალება და ფარულად ცდილობს საკუთარი სახლი სოხუმის ერთ–ერთ ქუჩაზე რაც შეიძლება უკეთ შეათვალიეროს.

ახლანდელი მოგზაურობის დროს მან უფრო მეტი შეძლო: იცხოვრა სოხუმში, საკუთარ სახლთან ახლოს, იმოგზაურა და გადაიღო ახალი ათონი, გუმისთა, რიწა და რა თქმა უნდა სოხუმი – ზღვით, ცით, მიწით და სიმწვანით. ამის შესაძლებლობა „ვიზამ“ მისცა, რომელის მიღება დიდ სირთულეებთან აღმოჩნდა დაკავშირებული, სამაგიეროდ გადაადგილებისას დამალვა აღარ დასჭირდა. ანუნა ბუკია ამერიკის ხმასთან საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს იმის შესახებ, რატომ მიიჩნევს „ზღვის ხალხს“ უფრო თავისუფალი სულის მატარებლად, რა პრობლემა შეიძლება წარმოშვას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულმა განსხვავებამ, როგორ შეიძლება აისახოს ეს არარსებულ, მაგრამ იდეაში მოაზრებულ შერიგების საკითხზე და სხვა.

სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.
სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.

“სოხუმში ქუჩაში ოდნავ გვიან სიარული, ქალის მარტო გადაადგილება პრობლემაა. გენდერული თემები საერთოდ სასაცილოდაც არ ჰყოფნით, აბსოლუტური უთანასწორობაა ამ თვალსაზრისით. თითქოს მატერიალური ღირებულებები, მატერიალური კეთილდღეობაა წინა პლანზე, მაგრამ უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ რა არის მათი პრიორიტეტები, რიგითი მოქალაქეების, და ზოგადად ხალხის, არ ჩანს და არ გამოჩნდება. ნაწილი დათრგუნულია და ნაწილი ვერ გამოაჩენს, რადგან მათმა გამოჩენამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის იდეას, რაც აფხაზებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ იმის თქმა, რომ „სადმე წავიდეთ“, ან „საზღვარი გავხსნათ“, ნიშნავს ამ იდეის დაკარგვას.“

აფხაზეთი და სოხუმი ანუნა ბუკიასთვის პასუხებისა და ახნა–განმარტებების მთელი ჯაჭვია იმის შესახებ, რაც აქამდე მისთვის მხოლოდ კითხვის სახით არსებობდა. „იქ ყოფნისას ვხვდები, რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ, რაც განაპირობებს ჩემს ხასიათსა და ქმედებებს,“– გვეუბნება იგი და მასსა და სოხუმს შორის არსებული უხილავი ძაფების შესახებ აგრძელებს საუბარს.

სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.
სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.

კითხვის ნიშნები ახლა უკვე სხვა საკითხების ირგვლივ ჩნდება. მაგალითად: ადგილზე რომ ყოფილიყო, შეამჩნევდა თუ არა ისეთ დეტალებს, რაც დევნილად ქცეული ადამიანისთვის სულისშემძვრელად ძვირფასი და დასაფასებელია ხდება. „მგონია, რომ ზღვის სანაპიროებზე მცხოვრები ადამიანების თავისუფლება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე სხვების, მათი ბუნება უფრო შმაგი და ჩარჩოების გარეშე, უსაზღვროა, მაგრამ აფხაზეთში მე ეს ვერ ვიგრძენი და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: რამდენად არიან აქ მაცხოვრებლები ზღვის ხალხი? რამდენად იციან, სად ცხოვრობენ? რამდენად შეუძლიათატარონ და განავითარონ ზღვის ესთეტიკა? ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც იყო სოხუმში ყოფნისას. როდესაც ბოტანიკურ ბაღში შევედი, სადაც ბავშვობის ფოტოები მაქვს გადაღებული, საოცრება ვიხილე, სიხასხასე და მწვანეს ყველა ფერი. იქ ყველაფერი საოცარი იყო ჩემთვისდა მოვინუსხე. ფოტოებს სწრაფ–სწრაფად ვიღებდი, მინდოდა ყველაფერი კამერაში ჩამეტია. ადამიანებმა, ადგილობრივებმა, ვინც მე მახლდნენ მკითხეს, რატომ იღებ, რაა აქ გადასაღები, რაა ლამაზიო? ჩემთვის ესაბსოლუტური შოკი იყო. შეიძლება ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანი არ აფასებს, რაც აქვს, რაც ჩვენც გვემართება და საერთოდ არაა საჭირო რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნო ეს თვისება, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან არასასიამოვნო იყო იმ მომენტში.“

იმ შთაბეჭდილების გარდა, რომ აფხაზეთში ზღვა, რომელიც ზოგადად თავისუფლების სიმბოლოა, თითქოს ჩაკეტეს, დააბეს და ჭიქაში მოაქციეს, ანუნა აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის მენტალური განსხვავებულობის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ უფსკული, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, უფრო და უფრო ღრმავდება, რის გარანტიასაც უმოძრაობა, განვითარებისა და განათლების შესაძლებლობებს მოკლებული, ერთ ადგილას გაყინული საზოგადოება ქმნის.

სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.
სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.

„სოხუმში შევხვდი ძალიან ბევრ უცნობ ადამიანს, ვიცხოვრე უცხო ადამიანის სასტუმროს ტიპის სახლში, რამაც საშუალება მომცა მეკონტაქტა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, ხელოვნებასთან, ადგილობრივ მმართველობასთან... მათთან შეხვედრის შემდეგ გამიმყარდა მოსაზრება, რომ დახურულ სივრცეში ცხოვრებისა და თავდაცვის მომენტი: „არ დავკარგო ჩემი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა“ გადაიზარდა იმაში, რომ შექმნილმა ვაკუმმა უკან დაბრუნება დაიწყო ცუდი შედეგებით. ეს გამოიხატება ნელი განვითარებით, განათლების, მენტალური, ღირებულებეითი პრობლემებით. ეს ჩემთვის ყველა ურთიერთობაში საგრძნობი იყო. ძალიან სევდისმომგვრელია ეს ფაქტი, მით უფრო, თუ პერსპექტივაში შევხედავთ მოცემულობას. თუ დიალოგი ორმა მხარემ უნდა აწარმოოს, ეს ორივე მხარე, სულ მცირე ახლოს მაინც უნდა იდგეს ერთმანეთთან სოციალური გამოცდილებით, რაც არ არსებობს. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვგულისხმობ.“

ანუნა ბუკიას ფილმი „მე გადავცურე ენგური“ ამჟამად ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარმოდგენილი და მას ორი დღის განმავლობაში აჩვენებენ. 27 სექტემბერს კი მისი ჩვენება კინოთეატრ რუსთაველშია დაგეგმილი. ის დოკუმენტურ კადრებზეა აგებული და იმ მწარე რეალობას ასახავს, რასაც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ყოველდღიურობა გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG