ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასობრივ ნიადაგზე ტულსაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტიდან 100 წელი გავიდა


პრეზიდენტი ბაიდენი სამშაბათს ტულსას, ოკლაჰომის შტატის ქალაქს ეწვევა. ზუსტად 100 წლის წინ, ტულსაში თეთრკანიანთა მიერ რასობრივ ნიადაგზე მოწყობილ „ხოცვა-ჟლეტას“ 300 ადამიანი ემსხვერპლა, 10 000 კი უსახლკაროდ დარჩა.

1921 წლის პირველ ივნისს, ოკლაჰომაში განვითარებული ეს მოვლენები, დღემდე ამერიკის რასობრივი ძალადობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია. თუმცა, ამ მოვლენების შესახებ დღესაც ბევრმა ამერიკელმა ნაკლებად იცის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ ებრძვის რასობრივ ანგარიშსწორებებს, უთანასწორობას, სამართალდამცავების ძალადობას უმცირესობებზე.

თავდასხმის შედეგად, "შავი უოლ სტრიტი" იწვის - ტულსა, ოკლაჰომა, 1921 წელი.
თავდასხმის შედეგად, "შავი უოლ სტრიტი" იწვის - ტულსა, ოკლაჰომა, 1921 წელი.

„შავი უოლ-სტრიტის“ სახელით ცნობილ ტულსაზე, რასობრივ ნიადაგზე თავდსახმა იქამდე ოთხი ათეული წლით ადრე მოხდა, ვიდრე 60-იან წლებში ამერიკას სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მძლავრი ტალღა გადაუვლიდა. სწორედ ამ მოძრაობამ უზრუნველყო შავკანიანი ამერიკელებისთვის ხმის მიცემის უფლება, თუმცა ხმის მიცემის საკითხზე კამათი ახლაც გრძელდება.

1921 წლის 31 მაისი - პირველი ივნისის საშინელი მოვლენების შესახებ, წელს ტულსაში მუზეუმს გახსნიან. მაგრამ, ამ დროდმე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები - უნდა გადაუხადონ თუ არა კომპენსაცია მოვლენების მსხვერპლთა შთამომავლებს და რამდენი? როგორ უნდა მოიძიონ ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა სამარხები და ნეშტები.

გადარჩენილთა შორის ერთ-ერთი, 107 წლის ვიოლა ფლეტჩერი, ცოტა ხნის წინ კონგრესის წინაშე წარსდგა. ფლეტჩერი იხსენებდა თავდასხმის მომენტებს, თავის მეზობლებს, ქალაქში განვითარებულ მოვლენებს... მაშინ ის მხოლოდ 7 წლის იყო.

„1921 წლის 31 მაისს გრინვუდში, ჩემი ოჯახის სახლში ვიყავი. სამეზობლო, რომელსაც იმ ღამით ეძინა, მდიდარი იყო - არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ კულტურით, მემკვიდრეობით. ჩემს ოჯახს მშვენიერი სახლი ჰქონდა. დიდებული სამეზობლო გვქონდა. მყავდა მეგობრები, ვისთანაც ვთამაშობდი. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ყველაფერი მქონდა, რაც ბავშვს სჭირდება. ნათელი მომავალი მქონდა. სულ რამდენიმე საათში, ეს ყველაფერი გაქრა“ - იხსენებს ფლეტჩერი.

„ხოცვა-ჟლეტის ღამეს ჩემმა ოჯახმა გამაღვიძა. ჩემი მშობლები და ხუთი და-ძმა იქ იყო. სახლიდან გავედით და არასდროს დამავიწყდება თეთრკანიანო ბრბოს ძალადობა რაც იქ ვიხილე. კვლავ ვხედავ, როგორ ესვრიან შავკანიანებს, როგორ წევს მათი სხეულები ქუჩაში. კვლავ მცემც კვამლის სუნი და კვლავ ვხედავ ცეცხლს. კვლავ ვხედავ შავკანიანთა დამწვარ ბიზნესებს. კვლავ მესმის განწირული კივილი და ჩემს თავზე თვითმფინავების ხმა“ - იხსენებს ტულსაში გავნითარებული მოვლენების სამი ცოცხალი თვითმხილველიდან ერთ-ერთი.

„მთელი ცხოვრება, ყოველ დღე ამ ხოცვა-ჟლეტას განვიცდი. შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ ეს ისტორია დაივიწყა, მაგრამ მე არ შემიძლია მისი დავიწყება. არ დავივიწყებ. არც სხვა გადარჩენილები დაივიწყებენ. არც ჩვენი შთამომავლები“ - თქვა ფლეტჩერმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას.

ასი წლის წინ, გრინვუდი - ტულსის ერთ-ერთი უბანი, მიწასთან გაასწორეს. მაშინ თავდასხმას ქალაქის პოლიციის დეპარტამენტიც შეუერთდა, რომელიც თეთრ ბრობოს იარაღითაც ამარაგებდა. ხოცვა-ჟლეტას წინ უძღოდა ბრალდება, რომლის მიხედვითაც, 19 წლის შავკანიანი კაცი,17 წლის თეთრკანიან გოგონას თავს დაესხა.

იმდროინდელ მოხსენებში არაერთი შემტხვევაა აღწერილი, როცა მამაკაცები პოლიციის სამკერდე ნიშნით, უშუალოდ იყვნენ ძალადობაში ჩართულნი - წვავდნენ სახლებს, ესროდნენ შავკანიანებს.

მაგრამ, ათწლეულების განმავლობაში, 1921 წლის ძალადობა მეტწილად იგნორირებული იყო. ტულსის პოლიციის დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა, გრინვუდის მოსახლეობას 2013 წელს ბოდიში მოუხადა.

„არ შემიძლია პატიება არ ვითხოვო იმ ქმედებების გამო, რაც მაშინ იმ ცალკეულმა ოფიცრებმა და მათმა ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს. ბოდიშს გიხდით ჩვენი პოლიციის განყოფილების სახელით. ვწუხვარ, რომ ტულსის პოლიციამ, 1921 წლის ტრაგიკულ დღეებში თავისი მოქალაქეები არ დაიცვა“ - თქვა ჩაკ ჯორდანმა.

ზიანის ანაზღაურების მოცულობა კვლავ უმთავრეს საკითხად რჩება. ოკლაჰომის შტატის სენატორმა, რომელიც ამ მოვლენების შემსწავლელი ასწლოვანი კომისიის თავმჯდომარეა, გასულ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადარჩენილთა ადვოკატებმა თითოეულისთვის $100 000-ის გადახდა და ასევე, რეპარაციის ფონდში, $2 000 000 გადარიცხვა მოითხოვეს. სენატორის თქმით, ამას კომისია დათანხმდა. თუმცა, კომისიამ თავი აარიდა მოგვიანებით წამოწეულ წინადადებას, რომელიც თითოეული გადარჩენილისთვის მილიონი დოლარის გადახდას, ფონდისთვის კი 50 მილიონი დოლარის გადარიცხვას გულისხმობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG